დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შესთავაზე, რომ ფიზიკური დისტანცირების ღონისძიებები გამკაცრდეს, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში.

როგორც გამყრელიძე ამბობს, აღნიშნული ღონისძიება საკვებ ობიექტებსა და აფთიაქებს არ უნდა შეეხოს.

დღეს, 19 მარტს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის ხელისუფლება შეზღუდვებს კიდევ უფრო ამკაცრებს, თუმცა საგანგებო მდგომარეობას ჯერ არ აცხადებს.

"თითოეულ სამინისტროს საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით და თითოეულ სახელმწიფო უწყებას მიეცა ინსტრუქცია, დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლოა, ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში", — თქვა პრემიერი პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. ოფიციალურად, კარანტინის რეჟიმში რჩება 1 344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 216 პირია მოთავსებული. დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.

ეპიდსიტუაცია საქართველოში: შეზღუდვები და რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლირებადია, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადებულთა რაოდენობა 80-100-მდე გაიზარდოს და პიკური მომენტი დადგეს. ინფიცირების რისკის ზრდის შემთხვევაში, მთავრობა შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს და კარანტინის გამოცხადებას არ გამორიცხავს.

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, პარლამენტში მათ მხოლოდ კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე კი მათი დაშვება აიკრძალა. მედიები ბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაჰყავს. მათ შორის ერთი თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით, მიკროავტობუსით მგზავრობდა. ამ ეტაპზე იძულებით კარანტინში გადაყვანილია 100-ზე მეტი ადამიანი. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, თვითიზოლაციის წესების დარღვევა საქართველოშიც დასჯადი გახდება. პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს უკვე განიხილავს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: