დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის თქმით, მთავრობამ უკვე მიმართა ფარმაცევტულ კომპანია Gilead-ს იმ პრეპერატისთვის, რომელიც ჩინეთმა უკვე გამოიყენა კორონავირუსის მკურნალობისას. ამის სესახებ მან დღეს, 19 მარტის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა:

"პრეპერატი არის იმ კომპანიის, რომელთანაც საქართველო აქტიურად თანამშრომლობს C ჰეპატიტთან დაკავშირებით. იგი არის ძალიან ძლიერი კომპანია ანტივირუსულ პრეპერატებთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობამ მიმართა თხოვნით კომპანია Gilead-ს, რომ გამოუყოს პრეპარატის გარკვეული რაოდენობა. დარწმუნებული ვარ, ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ჩვენ ეს პრეპარატი სარეზერვო მარაგში გვექნება. მას აქვს თავისი ჩვენებები ვის უნდა დაენიშნოს და როგორ".

დღეს, 19 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. ოფიციალურად, კარანტინის რეჟიმში რჩება 1 592 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 262 პირია მოთავსებული. დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.

ეპიდსიტუაცია საქართველოში: შეზღუდვები და რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლირებადია, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადებულთა რაოდენობა 80-100-მდე გაიზარდოს და პიკური მომენტი დადგეს. ინფიცირების რისკის ზრდის შემთხვევაში, მთავრობა შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს და კარანტინის გამოცხადებას არ გამორიცხავს.

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, პარლამენტში მათ მხოლოდ კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე კი მათი დაშვება აიკრძალა. მედიები ბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაჰყავს. მათ შორის ერთი თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით, მიკროავტობუსით მგზავრობდა. ამ ეტაპზე იძულებით კარანტინში გადაყვანილია 100-ზე მეტი ადამიანი. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, თვითიზოლაციის წესების დარღვევა საქართველოშიც დასჯადი გახდება. პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს უკვე განიხილავს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: