დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში უკვე დააბრუნეს საზღვარგარეთ მყოფი 2 000 მოქალაქე, რომლებიც საკარანტინო ზონებსა და თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მისი თქმით, მათ შორის ელოდებიან ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას და ზომებიც სწორედ იმიტომ მკაცრდება, რომ ამ სიტუაციას მზად შეხვდნენ.

"ვემზადებით, რა თქმა უნდა, შემდეგი პაციენტების მიღებისთვის. რისთვისაც გვინდა ვიყოთ სრულიად მობილიზებული და სრულიად იყოს ინფორმირებული როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე, კერძო სექტორი", — განაცხადა მან.

ეპიდსიტუაცია საქართველოში: შეზღუდვები და რეკომენდაციები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. ოფიციალურად, კარანტინის რეჟიმში რჩება 1 592 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 262 პირია მოთავსებული. დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.

კორონავირუსით საქართველოს ერთი მოქალაქე ესპანეთში გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლდება, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადებულთა რაოდენობა 80-100-მდე გაიზარდოს და პიკური მომენტი დადგეს. ინფიცირების რისკის ზრდის შემთხვევაში, მთავრობა შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს და კარანტინის გამოცხადებას არ გამორიცხავს.

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, პარლამენტში მათ მხოლოდ კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე კი მათი დაშვება აიკრძალა. მედიები ბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაჰყავს. ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 127 ადამიანი. პარლამენტი განიხილავს, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევა დასჯადი გახდეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: