დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

საქართველოს პარლამენტი მედიასთან დისტანციური კომუნიკაციის რეჟიმზე გადადის. თუმცა, როგორც On.ge-ს საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში უთხრეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჟურნალისტებს არ ექნებათ საშუალება მიიღონ ინფორმაცია და გააშუქონ პარლამენტში მიმდინარე მოვლენები.

პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი მედიასთან ურთიერთობის საკითხებში, მიშა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ კომიტეტის სხდომები და პლენარული სესია, ტრადიციულად, პირდაპირ ეთერში იქნება.

გარდა ამისა, ფეიქრიშვილის თქმით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მედიისთვის სხდომებიდან დამატებითი კადრების მიწოდებასაც უზრუნველყოფს.

რაც შეეხება კითხვებს, პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ კითხვები საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიაწოდონ, პასუხებს კი მათი საჭიროებისამებრ გადაუგზავნიან.

"რადგან სპეციალისტები უკვე საუბრობენ, რომ გავრცელების ახალ ეტაპზე გადავდივართ, ვიფიქრეთ, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაგვეხმარება იმაში, რომ მაქსიმალური პრევენცია გავატაროთ. ამ შენობაში დღის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ადამიანი იყრის თავს, მიუხედავად იმისა, რომ აპარატის თანამშრომლების უმრავლესობა უკვე გადასულია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და პარლამენტის შენობაში არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომელთა ყოფნაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩატარდეს სხდომები, მაინც საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხის კონცენტრაციაა შენობაში", - ამბობს მიშა ფეიქრიშვილი On.ge-სთან.