იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, გოჩა ლორთქიფანიძეს ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად წარადგენენ. მის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, განხილვის გარეშე, მხარი 91 დეპუტატმა დაუჭირა.

პლენარულ სხდომამდე, ლორთქიფანიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა იურიდიულმა კომიტეტმა, მათ შორის ევროპული საქართველოს წევრებმაც.

როგორც ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრი, ოთარ კახიძე აცხადებს, ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად, სურთ, რომ ჰააგის სასამართლოში საქართველოს კანდიდატს მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საკუთარ წარმომადგენელს წარადგენს.

2020 წლის დეკემბერში რომის სტატუსის წევრი ქვეყნების მე-19 ასამბლეაზე, რომელშიც 123 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, 6 მოსამართლე უნდა აირჩიონ, მათ შორის 1 აღმოსავლეთ ევროპიდან.