კორონავირუსის გამო, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტიანებს მოუწოდებს, ეკლესიების ნაცვლად, სახლში ილოცონ. ეკლესია, რომელიც მსახურების შეჩერებაზე ერთი კვირის წინ უარს ამბობდა, ახლა მრევლს მოუწოდებს, დაემორჩილონ საგანგებო მდგომარეობის წესებს.

"ეს რწმენაზე უარის თქმა არაა, ეს არის შინაგანი მსხვერპლი, რათა დავიცვათ საკუთარი თავი და სხვა მორწმუნეები", — აცხადებს ბულგარეთის სამღვდელოების ლიდერი.

Reuters-ის ინფორმაციით, ბულგარელების 75% მორწმუნე მართლმადიდებელია, თუმცა მათთვის ეკლესიაში სიარული ცხოვრების აუცილებელი წესი არ არის.

ქვეყნის მასშტაბით ეკლესიები კვლავ ღია იქნება იმ მორწმუნეებისთვის, რომლებსაც უკიდურესად სჭირდებათ ეკლესიაში მისვლა, თუმცა აუცილებელია, რომ მათაც დაიცვან ერთმანეთთან დისტანცია და ეცადონ, არ შეეხონ ზედაპირს. ეკლესიებში რეგულარულად ტარდება დეზინფექცია.

კორონავირუსის გამო, ბულგარეთში აიკრძალა სკვერებსა და სათამაშო მოედნებზე შესვლა, ასევე დაუსაბუთებელი მოგზაურობა ქალაქებს შორის, დაიკეტა სკოლები, ბარები და რესტორნები.

პარლამენტმა შეიარაღებულ ძალებს თავყრილობების კონტროლი დაავალა, მობილურ ოპერატორებს კი უფლება მისცა, სმარტფონის მონაცემებით გაეკონტროლებინათ კარანტინში მყოფი ადამიანები. შაბათის (21 მარტის) მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 142 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა სამი ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის მსგავსად, საბერძნეთმაც გადაწყვიტა, ეკლესიები ინდივიდუალური მლოცველებისთვის ღიად დაეტოვებინა. კათოლიკურ პოლონეთში კი მთავრობამ 50-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა, რაშიც ავტომატურად მოხვდა მასშტაბური წირვებიც.