სანამ მსოფლიოს გარშემო უამრავი ქალაქი კარანტინშია მოქცეული, სოციალური მედია ამ ამბით ბედნიერი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ამ ამბავთა უმეტესობა რეალური არ არის — არც ვენეციის არხებში ყოფილან დელფინები და არც ჩინეთის პროვინციაში უპოვიათ მთვრალი სპილოები.

თუმცა, კორონავირუსმა ურბანული ცხოვრების სტილი ნამდვილად შეცვალა. ცხოველები, რომლებიც თავს დიდი ქალაქების პერიფერიებს აფარებდნენ, ახლა მოგზაურობისა და აღმოჩენებისთვის მზად არიან.

იაპონიის ქალაქ ნარაში ირმებმა ქალაქის ქუჩები და მიწისქვეშა სადგურების მოინახულეს, ენოტები პანამის პლაჟებზე ნებივრობდნენ, ინდაურებმა კი კალიფორნიაში გამოჩენა გადაწყვიტეს. ველური ინდაურების ბანდები უცხო ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ამჯერად მათ აქამდე უცნობი ადგილების მონახულება მოინდომეს.

სან-ფელიპეში, სადაც რესტორნები და ბარები დაკეტილია, ხოლო ტურისტების მიმოსვლა თითქმის შეწყდა, მეთ ლერსონმა, რომელიც პანამის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელია, სანაპიროზე ახალი ვიზიტორები შეამჩნია.

"სანაპიროზე სამი ენოტი შევამჩნიე, ექვსი წელია, რაც აქ ვცხოვრობ და მსგავსი რამ არასდროს მინახავს", — თქვა მეთმა.

კარანტინებმა, შესაძლოა, ველურ ცხოველებზე გავლენის მოხდენა განაგრძონ.

"მაინტერესებს, კოიოტები და მელიები ამერიკის ქალაქებში უფრო გაბედულად სიარულს როდის დაიწყებენ", — განაცხადა მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ეკოლოგმა პეიჯ ვარენმა.

ნარას პარკში მცხოვრები ირმები კი, რომლებიც ვიზიტორებისგან საკვებს იღებდნენ ხოლმე, ქალაქის ქუჩებში შენიშნეს. პარკში ადამიანებისთვის შესვლა აიკრძალა, ირმები კი უცხო ტერიტორიებზე საკვების მოსაპოვებლად გაეშურნენ.

ტაილანდის ერთ-ერთ ქალაქში ტურისტებისა და მათი გემრიელი სასუსნაოების გარეშე დარჩენილი ადგილობრივი მაიმუნები კი ერთი ფინჯანი იოგურტის გამოც კი ჩხუბობენ.

ფოტო: Soe Zeya

მკვლევართა გუნდი ჩიკაგოში ქალაქის გარშემო სპეციალური აღჭურვილობის განლაგებას გეგმავს, რათა ველური ცხოველების ურბანულ ცხოვრება და კორონავირუსის კრიზისის დროს მათი ქცევა გამოიკვლიოს.

მოსაზრება, რომ ველური ცხოველები ჩვენს ქალაქებს დაიპყრობენ ფანტაზიის ნაყოფია, თუმცა ცვლილებები ნამდვილად იქნება, მელიები და კოიოტები ალბათ აქამდე უცნობი ქუჩების მონახულებას გადაწყვეტენ, ჩიტები კი ქალაქში ხეტიალსა და საკვების მოპოვებას უფრო აქტიურად დაიწყებენ.