როლო ბრიტანეთში მცხოვრები 7 წლის ტაქსაა, რომელსაც, მისთვის აუხსნელი მიზეზით, ყველაზე დიდი სურვილი აუსრულდა: მისი პატრონი სულ სახლშია. მართალია, ხანდახან მუშაობს ხოლმე, მაგრამ მაინც სულ სახლშია და მისთვისაც მეტი დრო აქვს.

როლომ საკუთარი აღფრთოვანების დამალვა ვერ შეძლო და პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩერებლად აქიცინა კუდი, თუმცა ამის შემდეგ კუდის ქიცინი შეწყვიტა და მოიწყინა. მისმა პატრონმა ემამ თავიდან ჩათვალა, ალბათ, მოვბეზრდიო, მაგრამ ეს ვერსია ზედმეტად დაუჯერებელი იყო, ამიტომ ტაქსა ვეტერინართან წაიყვანა, სადაც მას დიაგნოზი დაუსვეს: როლომ ქიცინისგან კუდი იღრძო.

ამჟამად ეს სასაცილო ცხოველი თავს კარგად გრძნობს და, ვეტერინარის თქმით, ერთ კვირაში მისი კუდიც მწყობრში ჩადგება.