დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ხელისუფლებას ევროპის ქალაქებში ჩარჩენილი მოქალაქეები ჩამოყვანაში დახმარებას სთავაზობს.

პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის ინფორმაციით, დაახლოებით 1 000 მოქალაქის უფასოდ გადმოყვანის რესურსი აქვთ, თუ მთავრობა ხელს შეუწყობს. საუბარია ოთხ ფრენაზე ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან: ვარშავა, კიევი, ბერლინი, რომი, ბარსელონა.

როგორც მან აღნიშნა, სხვადასხვა ქალაქში ჩარჩენილი ადამიანების აღრიცხვა გასულ კვირას დაიწყეს, შემდეგ კი, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოიძია უკრაინული ავიაკომპანია და სახსრები.

"საქმეების 2/3 უკვე გაკეთებულია. ანუ მოძიებულია უკრაინული კომპანია, რომელიც განახორციელებს ფრენებს უფასო ჩარტერული რეისებით და მოძიებულია სახსრები, რომლებიც ამ სამაშველო ოპერაციას დასჭირდება. ეს ყველაფერი კიევში მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. მაგრამ ეს 2/3 საკმარისი არ არის. ხელისუფლების დახმარების, ხელისუფლების ჩარევის, პასუხისმგებლობის გარეშე ჩვენ ამ სამაშველო ოპერაციას ბოლომდე ვერ მივიყვანთ", — თქვა ვაშაძემ.

ის აღნიშნავს, რომ ახლა საჭიროა საელჩოს და საკონსულოების სწრაფად მობილიზება, ფრენების ნებართვა, საბაჟო და სასაზღვრო მომსახურეობა და სამედიცინო კონტროლი.

ვაშაძის თქმით, თუ ხელისუფლება დაეხმარება, პირველ რიგში ბავშვებიან ოჯახებს, ახალგაზრდებს და იმ ადამიანებს შემოიყვანენ, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან.

ენმ-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, პარტიას ევროპის სხვადასხვა ქალქიდან 2950 ადამიანი დაუკავშირდა, რომელთა მონაცემებიც აქვთ და საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცემენ.

ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ ეს მოქალაქეები, შემოყვანის შემთხვევაში, მთავრობის განკარგულების შესაბამისად გაივლიან კარანტინს და რამდენიმე სასტუმრო უკვე მზადაა ფართის უფასოდ დათმობისთვის.

"ორი გზა არის ამ გზაგასაყარიდან: ან სწრაფად ვაკეთებთ საკოორდინაციო ჯგუფს და ვამტკიცებთ, რომ ვართ ის საზოგადოება და ერი, რომელიც იმსახურებს სახელმწიფოს, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და იმ 30 წელს, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გავიდა, უბრალოდ არ ჩაუვლია, ან ჩავიკეტებით პარტიულ ბინებში, არ დაველაპარაკებით ერთმანეთს და მივალთ იმ წერტილამდე, როცა თავზე დაგვემხობა სახურავი ყველას, პარტიული კუთვნილების მიუხედავად", — აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, თუ მთავრობის ხელშეწყობა იქნება, ფრენები შესაძლებელია შემდეგი განრიგით:

31 მარტი — ვარშავა-კიევი-თბილისი

1 აპრილი — ბერლინი-თბილისი

1 აპრილი — რომი-თბილისი

2 აპრილი — ბარსელონა-თბილისი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 85 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 14 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 239.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: