დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კორონავირუსის შიდაგავრცელების ეტაპზეა, სამების საკათედრო ტაძარში საერთო კოვზით ზიარების რიტუალი შესრულდა.

ზიარების დაწყებამდე, მამა ანდრია ჯაღმაიძემ მრევლს მოუწოდა, რომ დისტანცია დაეცვათ.

"არ მოვშორდეთ იმ ადგილებს, რომელიც მონიშნულია. ყველამ დავიცვათ ეს. დაიხედეთ თქვენს ქვეშ, დგეხართ მონიშნულ ადგილზე თუ არა. ზიარების დროსაც დავიცვათ ეს დისტანცია და ჯვარზე მთხვევა იქნება შემდეგნაირად — მოძღვრები მოვლენ თქვენთან ჯვრით და ემთხვევით იქ. ეს იმიტომ კეთდება, რომ ზიარებისა და ჯვარზე მთხვევის დროს ირღვევა ხოლმე ეს წესრიგი და დისტანცია. ამიტომ ბოლომდე შევინარჩუნოთ ეს დაშორიშორება და წესრიგი", — მიმართა მრევლს ანდრია ჯაღმაიძემ.

ეკლესია ხალხმრავალ ღვთისმსახურებებზე უარს კვლავ არ ამბობს. საპატრიარქოს 25 მარტის განცხადების მიხედვით, ვისაც ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, განკურნებამდე სახლში უნდა დარჩეს, ხოლო ტაძრებში მისულ ადამიანებს შორის დისტანცია იქნება 2 მეტრი. ეზოში დისტანცირებისთვის საპატრიარქო 1.5 მეტრს მოიაზრებს და აღნიშნავს, რომ უკვე მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა და ტაძრების რადიოფიცირება. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ "ვინც უარს ამბობს ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე, უარს ამბობს მაცხოვარზე!". ეკლესია მიუთითებს მედიაზეც და ამბობს, რომ ხელოვნურად მზადდება აზრი, რათა შესაძლო პრობლემების მიზეზი ეკლესია გამოცხადდეს.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, თუმცა 22 მარტის საკვირაო წირვა სამების ტაძარში შეუფერხებლად გაიმართა. წირვას დაესწრო კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც. ტაძარში შეკრებილ მრევლს პერიოდულად აფრთხილებდნენ, დაეცვათ დისტანცია, თუმცა მათი ნაწილი ამას ვერ ახერხებდა. ზოგიერთი მათგანი პირბადის გარეშე იყო მისული. სხვადასხვა მედიაში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს ბავშვები ეკლესიაში და ორსული ქალი. აღსანიშნავია, რომ წირვისას საერთო კოვზით ჩატარდა ზიარების რიტუალიც.

საგანგებო მდგომარეობის დროს ათზე მეტი ადამიანის შეკრება იზღუდება. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ეს შეზღუდვა ეხება "ყველას და ყველაფერს"

ეკლესია არ არის არც იმ გამონაკლისებს შორის, სადაც, საგანგებო მდგომარეობის შესახებ დეკრეტის მიხედვით, ათ ადამიანზე მეტის შეკრება შეიძლება.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: