გამოცემა ZDNet წერს, რომ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, გარდაცვლილების პერსონალური ინფორმაცია ჰაკერულ ფორუმზე გავრცელდა. ინფორმაციის გაჟონვა მონაცემთა დარღვევის მონიტორინგის სერვისმა (Under the Breach) აღმოაჩინა, რომელმაც ამაზე ცნობები ZDNet-ს მიაწოდა.

სტატიაში საუბარია ამომრჩეველთა ინფორმაციაზე, კერძოდ, გავრცელებულია ამომრჩევლის სრული სახელი, მისამართი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი. მათი თქმით, ინტერნეტში ჯამში 1,04 GB მოცულობის ინფორმაციამ გაჟონა.

ფაილი სულ 4 934 863 პირის მონაცემს მოიცავს, რადგან მათ შორის არიან გარდაცვლილებიც. ბოლო აღწერით, საქართველოს მოსახლეობა ჯამში 3,7 მილიონს შეადგენს. მათ შორის, არიან არასრულწლოვნები, რომელთაც ხმის მიცემის უფლება არ აქვთ.

On.ge დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყება ინფორმირებულია.

"ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები", — ამბობენ შსს-ში.