საქართველოში კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა.

მისი განცხადებით, "ფაქტობრივი" საყოველთაო კარანტინი ხვალ, 31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება.

ხვალიდან, ნებისმიერი მოქალაქეს, გადაადგილების ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა.

ასევე ხვალიდან ამოქმედდება კომენდანტის საათი, რომლის მიხედვით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება.

"ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი", — თქვა გახარიამ.

ამასთან, სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, მათ შორის მეტროთი, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები — მანქანაში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი და აქედან ორი აუცილებლად უკანა სავარძელზე.

"ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს", — თქვა გახარიამ.

მგზავრების გადაყვანა დაშვებული იქნება მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტებში, ორგანიზებულად და უსაფრთხოდ. საწარმოების ნაწილის მუშაობა ნებადართული იქნება და მათ ცალკე ექნებათ პროტოკოლები. როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის.

იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც დაცული უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია.

გარდა ამისა, აიკრძალა 70 წელზე ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, უახლოეს აფთიაქში, უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. მარტოხელა მოხუცებს ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები დაეხმარებიან.

გახარიას თქმით, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია და მოქალაქეების ნაწილი ვერ აცნობიერებს პრობლემის სიმძიმეს. მან სხვადასხვა ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული უკეთესი სიტუაცია მოდუნების საფუძველი არ არის.

"მინდა მივმართო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს — ამ პირობების და ამ შეზღუდვების შესრულება არის ზღვარი, რომელზეც გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყველა უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ვიყოთ ეფექტურები და ეს არის ის შემთხვევა, როცა განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური თუ რელიგიური თუ სხვა სახის მსოფლმხედველობისა, ვემსახურებით ერთადერთ მიზანს, ეს არის საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე", — თქვა გახარიამ.

პრემიერმინისტრმა ასევე თქვა, რომ საკარანტინო პირობების პერიოდში იმოქმედებს უფასო ცხელი ხაზი — 144.

კარანტინი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში იქნება და პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არის აუცილებელი მინიმუმი იმისთვის, რომ "თავიდან აგვერიდებინა საყოველთაო კარანტინი".

საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევისთვის ფიზიკურ პირებზე ჯარიმა 3 000 ლარია, ხოლო იურიდიულ პირებზე — 15 000. განმეორებით შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება.

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა 21 მარტს გამოცხადდა და სხვადასხვა აკრძალვა დაწესდა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მარნეულში ინფიცირებულ პირს, ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. ჩაიკეტა ორივე რაიონის შესასვლელი, რომელსაც სამხედროები და შსს-ს თანამშრომლები აკონტროლებენ. ასევე, გაიშალა საველე ჰოსპიტლები.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა 100 ადამიანს, მათგან 18 გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმშია 4 978 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 266.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: