სულ ცოტა ხნის წინ ყველა ნახავდით იმ გულისამაჩუყებელ სურათებსა და ვიდეოებს, რომლებშიც თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები სოლიდარობის ნიშნად ექიმებს სახლის ფანჯრებიდან მქუხარე ტაშით აჯილდოებენ. ამ კადრებით გადაივსო სატელევიზიო გადაცემები და ახალი ამბების საიტები; მათში ხომ ძალდატანებითი მარტოობის გადამლახველი სოლიდარობა იკვეთება — ჩვენ კი განვცალკევდით, მაგრამ მაინც გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს. თუმცა სოციალური მედია სულ სხვა ხასიათის, შემაშფოთებელი კადრებითაცაა სავსე, რომლებიც ზოგ ადამიანს აფიქრებინებს, რომ დღეს ჩვენ ედუარდ ჰოპერის ნახატში ვსახლობთ; არ აქვს მნიშვნელობა, რომელში — ნებისმიერში.

ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ერთმანეთისაგან ფიზიკურად დაშორებულები ვართ, მარტოდმარტონი ვსხედვართ ფანჯრებთან და დაცარიელებულ ქალაქს გადავყურებთ ზუსტად ისე, როგორც საწოლზე წამომჯდარი ქალი ჰოპერის ნახატში, დილის მზე, ან თუნდაც ვერანდიდან სივრცეში მაცქერალი ქალი კეიპ-კოდის დილადან.

უჩვეულო ექოები... ედუარდ ჰოპერის კეიპ-კოდის დილა, 1950 წელი.

ფოტო: Alamy

ინტერნეტში გავრცელებულ ჰოპერის ნახატთა კომპილაციებზე გაკეთებულ წარწერებს თუ ვენდობით, დღეს ჩვენ ყველა ედუარდ ჰოპერის ნახატები ვართ: ჩვენ ვართ მარტოსული ქალი ცარიელ კინოთეატრში და ყველასგან მიტოვებული კაცი საკუთარ ბინაში; ჩვენ ვართ ეული გამყიდველიცა და ის ადამიანებიც, სასადილოს ბართან ერთმანეთისგან შორიშორს რომ ჩამომსხდარან. და როგორც მიმებს ზოგადად სჩვევიათ, ამ შემთხვევაშიც ძნელია გაარჩიო, ეს სერიოზული განცხადებაა თუ მორიგი თავშესაქცევი ხუმრობა, რომელიც საკუთარი თავების შეცოდების სურვილს ნიღბავს.

მოდით, ამ საკითხს სერიოზულად მივუდგეთ. თუ ჩვენ მართლაც ედუარდ ჰოპერის ნახატები ვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ მარტოსულობის კრიზისი კარზე მოგვდგომია და ეს, შესაძლოა, Covid-19-ის მიერ გამოწვეული ყველაზე შემზარავი სოციალური შედეგი იყოს. უშუალო ადამიანურ კონტაქტზე ასე ხელის აღებით უარის თქმა, შეიძლება, კატასტროფული აღმოჩნდეს; ყოველ შემთხვევაში, ჰოპერი სწორედ ამის დანახებას ცდილობს ჩვენთვის.

ცივად დისტანცირებულები... ედუარდს ჰოპერის ღამის მტაცებლები, 1942 წელი.

ეს მხატვარი ნიუ-იორკში 1882 წელს დაიბადა და თავისი ნამუშევრები მთლიანად მარტოსულობის თემას მიუძღვნა. მაშინ, როდესაც 1920-იან წლებში სკოტ ფიცჯერალდი ჯაზის ეპოქის თავბრუდამხვევ წვეულებებზე წერდა, ჰოპერი ისეთ ადამიანებს ხატავდა, რომლებიც თითქოს წვეულებაზე არასოდეს მიუწვევიათ.

ჰოპერისთვის თანამედროვეობა უკიდურესად არამეგობრულია. ამიტომაც მისი ნახატების საბრალო პერსონაჟებს იზოლაციისათვის პანდემია არ დასჭირვებიათ. ცივი ვიტრინები; ცაში აწვდენილი ურბანული შენობები, სადაც ყველა განცალკევებულ ბინაში ცხოვრობს; უკაცრიელ ადგილებში ამოზრდილი ბენზინგასამართი სადგურები — თანამედროვე ქალაქებისა და პეიზაჟების ეს ფრაგმენტები ჰოპერისათვის იმ უსულგულო მანქანის ნაწილებია, რომლითაც მარტოობას ამზადებენ.

ბუნებით ტკბობა განმარტოებაში... კასპარ დავიდ ფრიდრიხის მოხეტიალე ნისლის ზღვის თავზე, 1818 წელი.

ფოტო: Wikimedia Commons

ადრეული ეპოქის ხელოვნებაში მარტო ყოფნას თავისი უპირატესობები ჰქონდა. მაგალითად, ნახატების სერიაში, სათაურით წმინდა იერონიმე თავის კაბინეტში, მარტოსული მოაზროვნე აღუშფოთებლადაა მოკალათებული თავის მყუდრო, წიგნებით სავსე სამუშაო გარემოში, ლამაზი მაგიდითა და მოშინაურებული ლომით. ან გავიხსენოთ თუნდაც კასპარ დავიდ ფრიდრიხის ნახატის, მოხეტიალე ნისლის ზღვის თავზე, გმირი, რომელიც მიზანმიმართულად ეძებს დიდებულ განმარტოებას, რათა ბუნების შთამბეჭდავ სილამაზეს ადამიანური დავიდარაბისგან გათავისუფლებული ეზიაროს. იგი მარტოა და სწორედ ეს სიმარტოვე აბედნიერებს, რაც, ცოტა არ იყოს, შემაძრწუნებელია.

სულიერი სიმშვიდის გამომხატველი ამ ნახატებისაგან განსხვავებით დღევანდელ სამყაროში მარტოობა ხალხის არჩევანი ნამდვილად არ ყოფილა. დღეს ჩვენ ჰოპერის შემზარავ სამყაროში ვცხოვრობთ და ეს სიტყვები გაზვიადებული სულაც არ არის. მხატვრის ერთ-ერთი დიდი თაყვანისმცემელი ალფრედ ჰიჩკოკი იყო. რეჟისორმა თავის ცნობილ ფილმში, ფსიქოპატი, ბეითსების საცხოვრებელი ჰოპერის იმ ნახატის მიხედვით შეარჩია, რომელშიც გარე სამყაროსგან სარკინიზო ლიანდაგით გამოყოფილი უცნაური ძველი სახლია აღბეჭდილი.

ედუარდს ჰოპერის სახლი რკინიგზის პირას (მარცხნივ) და სახლი ალფრედ ჰიჩკოკის ფსიქოპატიდან (მარჯვნივ).

ფოტო: Alamy / Paramount Pictures

ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ ჰოპერისეულ შემზარავ, განცალკევებული ინდივიდებით დასახლებულ სამყაროში არ აღმოვჩნდებით და სანაცვლოდ როგორც ერთიანი საზოგადოება, ისე დავიძვრენთ თავს ყველა განსაცდელისგან. ირონიულია, მაგრამ დღეს ერთმანეთთან განშორება სწორედ იმიტომ გვიწევს, რომ თავს საზოგადოების წევრებად ვგრძნობთ. მაგრამ ეს შემართება, შეიძლება, ფუყე იმედზე იყოს დაფუძნებული; ეს, შეიძლება, ვირუსული ომის თვალების ამხვევი პროპაგანდა იყოს და სინამდვილეში ჩვენ ყველანი თავებს ვიტყუებდეთ, რომ ჩვენ-ჩვენს სახლებში გამოკეტილები თავს კარგად ვგრძნობთ.

რადგან, თუ ჰოპერს დავუჯერებთ, თანამედროვე სამყაროს სჩვევია თავის მარტოსულად გრძნობინება. მისი ადამიანები სასადილოსა თუ რესტორანში ისევე იზოლირებულები არიან ერთმანეთისაგან, როგორც თავიანთი ბინის ფანჯრებთან. ამ მხრივ ედუარდ ჰოპერი მოდერნისტული ხელოვნების ტიპური წარმომადგენელია. ჩვენ ჯერ კიდევ ედვარდ მუნკმა გვანახა თავის ნახატში, საღამო კარლ იოჰანის ქუჩაზე, რომ სიმარტოვე ბრბოშიც შესაძლებელია.

მარტოსული ბრბოში... ედვარდ მუნკის საღამო კარლ იოჰანის ქუჩაზე, 1892 წელი.

ფოტო: Alamy

დღეს მარტოსულობის დამალვა იმაზე მარტივად შეგვიძლია, ვიდრე ამას ეს მხატვრები წარმოიდგენდნენ მაშინ, როდესაც თავიანთ თანამედროვე ცხოვრებას ასახავდნენ. მშვიდობიანობის ჟამს ჩვენ მარტონი ვსხედვართ კაფეებში, ოღონდ ახლა მობილური ტელეფონები გვაქვს, რომ სოციალიზაციის ილუზია შევიქმნათ. საქმე ისაა, რომ თანამედროვე ურბანული ცხოვრება ბევრ ადამიანს ისეთი არსებობისაკენ უბიძგებს, რომელიც იმ ერთსულოვნებასაა მოკლებული, ერთ დროს ნორმად რომ ითვლებოდა.

პიტერ ბრეიგელის სოფლის ცხოვრების ამსახველი სცენები, რომლებიც ინდუსტრიამდელ დროშია შექმნილი, ისეთ სამყაროს გვიხატავს, რომელშიც განმარტოება პრაქტიკულად შეუძლებელია. სამზარეულოები ხალხითაა სავსე, კარნავალები კი სიმარტოვის მსურველთათვის ნამდვილ კოშმარს წარმოადგენს. ბრეიგელის ნახატებზე დაყრდნობით მარტივია მივხვდეთ, თუ რატომ გაუჭირდათ ასე ძალიან ბრიტანელებს პაბებში სიარულზე უარის თქმა — ეს ადგილები ხომ ბრეიგელისეული წარსულის უკანასკნელი გადმონაშთებია.

ხალხმრავლობა ბრეიგელის შემოქმედებაში — კარნავალისა და დიდმარხვის დაპირისპირება.

ფოტო: Royal Museums of Fine Arts of Belgium, Brussels

თანამედროვე სამყაროში ადამიანები მარტოობას იმიტომ ირჩევენ, რომ თავისუფლება სურთ. მაგრამ დღეს ჰოპერის ხელოვნება ერთ რთულ კითხვას ბადებს: ახლა, როდესაც თავისუფლება ჩამოგვერთვა, რა გვრჩება მარტოსულობის გარდა?