Once Upon a Time in Hollywood გასულ წელს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმი იყო, რომელიც, შესაძლოა, მალე წიგნის სახითაც ვიხილოთ.

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ამერიკელი რეჟისორი, კვენტინ ტარანტინო პოდკასტების გადაცემა Pure Cinema Podcast-ს სტუმრობდა და სხვადასხვა თემასთან ერთად თავის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

მათ შორის მან ისიც ახსენა, რომ თავისი ჯერჯერობით ბოლო ფილმის, ერთხელ ჰოლივუდში მიხედვით წიგნის დაწერას ფიქრობს:

"აქამდე ეს თავში არ მომსვლია, მაგრამ ახლა ბევრს ვფიქრობ ამაზე: შესაძლოა, ფილმის მიხედვით წიგნი დავწერო".

ერთხელ ჰოლივუდში ტარანტინოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კინოსურათი გამოდგა: ფილმის შემოსავლებმა $374.3 მილიონს მიაღწია და ამასთანვე ოსკარის 10 ნომინაცია დაიმსახურა, მათ შორის საუკეთესო სცენარისა და კაცის მეორეხარისხოვანი როლის (ბრედ პიტი) კატეგორიაში გამარჯვებულიც გახდა.

Once Upon a Time in Hollywood-ში შესრულბულმა როლმა ბრედ პიტს, როგორც მსახიობს, პირველი ოსკარი მოუტანა.

ფოტო: Kevin Winter

კვენტინ ტარანტინო თავის სამომავლო გეგმებზე ხშირად საუბრობს და ვიცით ისიც, რომ მას კინოდან წასვლა უნდა: მისი თქმით, ის კინოს მომავალში თავს ვეღარ ხედავს და სურს, დრო უფრო მეტად სხვა რაღაცებს დაუთმოს.

ერთ-ერთ ალტერნატივად ის სერიალების გადაღებასაც განიხილავდა: კვლავ მისი გასული წლის ფილმის, ერთხელ ჰოლივუდში სცენარის შთაგონებით.

ტარანტინო ხშირად ახსენებდა იმასაც, რომ ლიტერატურაშიც სურს თავისი შესაძლებლობების გამოცდა, შესაბამისად მისი ამჟამინდელი განცხადება, რომ თავისი ფილმის მიხედვით დაწეროს წიგნი, საკმაოდ რეალისტურად გამოიყურება.

მართალია, ძირითადად სწორედ წიგნების მიხედვით იღებენ ფილმებს, მაგრამ ეს ხომ ტარანტინოა და მისგან ყოველთვის მსგავს ექსცენტრიკულ გადაწყვეტილებებს უნდა ველოდოთ.

ფოტო: Giphy