დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

კორონავირუსის დროს ტაძრებში წირვა-ლოცვების ჩატარებისთვის საპატრიარქო სასულიერო პირებს დღეს, 3 აპრილს სმს-ით სამ რეკომენდაციას გაუგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს.

სამი რეკომენდაცია:

  • კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 16:00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის;
  • აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები;
  • ყოველდღიურად ხშირად უნდა გაიწმინდოს ხატები და სიწმინდეები (სპირტისა და ვარდის წყლით), ასევე, დამუშავდეს იატაკი და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოიყოს პასუხისმგებელი პირები.

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ეკლესიებში ღვთისმსახურებას მრევლი ისევ ესწრება და ზიარება საერთო კოვზით ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სამზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია, საპატრიარქო დამატებითი ზომების მიღებას არ აპირებს.

პატრიარქმა, ილია მეორემ თავის ბოლო მიმართვაში აღნიშნა, რომ ტაძრის კარები ვერ დაიხურება და ის ყველა მსურველისთვის ღია იქნება. ჯერ კიდევ უცნობია როგორი ზომები იქნება მიღებული აღდგომის დღესასწაულისთვის, რომელიც 19 აპრილსაა.

დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა, რომ ადამიანები ტაძარში საღამოს 9 საათამდე მივლენ, გადანაწილდებიან ტაძარში და დილის 6 საათის შემდეგ სახლებში წავლენ.