დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია საკრებულოს წევრის მამაც. დეპუტატის ცოლი და შვილები კი დამტებით გამოკვლევებზე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან.

არსებული ინფორმაციით, საკრებულოს წევრს ვირუსი დედისგან გადაედო, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია.

როგორც ფორმულას რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა, ამ დროისთვის 20-მდე კონტაქტია უკვე მოძიებული და კონტაქტების კვლევა გრძელდება.

როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოშ კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 319.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს მასშტაბით უკვე 20 კლინიკა არის სრულიად მობილიზებული იმისათვის, რომ კორონავირუსით დადასტურებული და ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები მიიღოს.

3 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 491 პირი დააჯარიმეს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობები 30 მარტს გამკაცრდა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: