შინაგან საქმეთა სამინიტროს სტატისტიკით, 2020 წლის მარტში ოჯახში ძალადობის გამო 930-მდე შემაკავებელი ორდერი გამოიცა. წინა თვესთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია — თებერვალში მოძალადეებზე 840-მდე ორდერი გააფორმეს. რაც შეეხება იანვარს, აქ 947 შემაკავებელი ორდერი იყო.

ამავე სტატისტიკის მიხედით, 2020 წლის მარტში შემაკავებელი ორდერები უმეტესად ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე გამოიცემოდა. ეს მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალთან შედარებით, მცირედით გაზრდილია. ამასთან, მცირედით შემცირდა ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე ორდერების გამოცემის შემთხვევები.

მარტში შესაძლო ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციას უმეტესად თავად მსხვერპლი მიმართავდა. თუმცა, თებერვალთან შედარებით, მცირედით გაზრდილია მეზობლების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელი.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, მარტში ოჯახში ძალადობის დაახლოებით 470-მდე შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება. აქედან 10%, მათ შორის, ბავშვის მიმართ შესაძლო ოჯახში ძალადობას ეხებოდა. თებერვალში ამავე დანაშაულზე გამოძიება დაახლოებით 490-მდე ფაქტზე დაიწყო, ხოლო იანვარში — 520-მდე.

ამ მონაცემებით, 2020 წლის მარტში ოჯახურ კონფლიქტებსა და ძალადობასთან დაკავშირებით 112-ში დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობა 2020 წლის იანვარსა და 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობის თითქმის იდენტურია.

ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციისათვის შეტყობინების მიზნით შეგიძლიათ:
დარეკოთ გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე —112;
გამოიყენოთ მობილური აპლიკაცია — 112 Georgia;
კონსულტაციის მიზნით დაუკავშირდეთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს Facebook გვერდის მეშვეობით.