საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი გარდაიცვალა

ფოტო: Xiao Yijiu / AP
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა გაავრცელა. მისი თქმით, პაციენტს დამატებით მძიმე დაავადებები ჰქონდა. ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.
"ქალბატონი იყო მძიმე თანმხლები დაავადებებით. ანამნეზში ბოლო 6 თვეში იყო მკვეთრი წონის დეფიციტი. ორმხრივად დადასტურდა მწვავე პნევმონია, პნევმოთორაქსი, მწვავე სეფსისი, ჰემოდინამიკის რღვევით. მისი სომატური პათოლოგიებიდან გამომდინარე დღეს დილით, 9 საათზე, სამწუხაროდ დაფიქსირდა ლეტალობა. თანმხლებ დაავადებებს წარმოადგენდა გულის უკმარისობა, მეოთხე კლინიკური ჯგუფი, რაც იმას ნიშნავს, რომ გულსიახლძარღვთა სისტემის მხრივ მისი მდგომარეობა ფასდებოდა კარდიოლოგების მიერ დეკომპენსიაციის მდგომარეობით", — თქვა ლევან რატიანმა.
ექიმის თქმით, პაციენტი მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან იყო. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა, მათგან 28 გამოჯანმრთელებულია.
30 მარტს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ის "ფაქტობრივ კომენდანტის საათსაც" ითვალისწინებს.
რაც შეეხება შეზღუდვებს:
- 21 საათიდან დილის 6 საათამდე იკრძალება როგორც ქვეითად, ასევე, პირადი ტრანსპორტით ან ტაქსით გადაადგილება. თუმცა, მათ ვინც სადღეღამისო დაწესებულებებში მუშობს, მისცემენ სპეციალურ საშვს, რომლის მისაღებადაც უნდა დარეკოთ მთავრობის ცხელ ხაზზე — 144;
- სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე — ქალაქებს შორის. დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით და ტაქსით მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი და 2 იჯდება უკანა სავარძელზე. სტრატეგიული მნიშვნელოვანი ობიექტების თანამშრომლების ორგანიზებული გადაყვანა დასაშვები იქნება. ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები;
-
იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია;
- იკრძალება 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მუნიციპალიტეტები, ეკონომიკის ან ჯანდაცვის სამინისტრო უნდა დაეხმაროს;
- ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.
სხვა შეზღუდვები და სიახლეები:
- კარანტინის წესების განმეორებით დამრღვევი პირები ცალკე დაწესებულებაში იქნებიან
- პენიტენციურის 780 თანამშრომელი საპატიმროებში იცხოვრებს და ტერიტორიას არ დატოვებს
- "ოჯახის ექიმები უახლოეს დღეებში ვირუსისგან დაცვის წინა ხაზის ძირითადი მებრძოლები გახდებიან"
- "მომუშავე ადამიანები უნდა გადაადგილდნენ დამსაქმებლის ან პირადი ტრანსპორტით"
პრემიერმა განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
კომენტარები