ლაგოდეხში, 6 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული კაცი აღკვეთის ღონისძიების ვადის გასვლის გამო გათავისუფლეს.

საერთო სასამართლოების პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულს 9 თვით წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, დროის ამოწურვის შემდეგ კი, მას აღკვეთის ღონისძიება 10 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

ამ დრომდე სასამართლო პროცესები დისტანციურად იმართებოდა. მომდევნო განხილვა გურჯაანის სასამართლოში 28 აპრილსაა ჩანიშნული. უწყების ინფორმაციით, პირს ჩამოართვეს პასპორტი და დაზარალებულთან ყველა ტიპის კონტაქტი აკრძალული აქვს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, გარყვნილი ქმედება, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ადამიანთან, 8-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.