პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, შეიძლება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საჭიროება დადგეს. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე მოქმედებს.

მაჭარაშვილის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი დამოკიდებული იქნება იმ მოცემულობაზე, თუ რა ვითარება იქნება ქვეყანაში 21 აპრილის წინა დღეებში. მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხი ჯერ კონსულტაციების დონეზეა.

"საზოგადოებას ყოველდღიურად აქვს ინფორმაცია, თუ რა ტიპის გამოწვევასთან გვაქვს საქმე და თუ როგორია დაინფიცირებულთა ზრდა. მთავრობის მოქმედება არის იმის შესაბამისი თუ რა კონკრეტული მოცემულობაა", — აღნიშნავს პარლამენტარი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 236 დადასტურებული შემთხვევაა. ამათგან სამი უცხოეთში დადასტურდა და საქართველოს მოქალაქეები სამკურნალოდ ქვეყანაში დაბრუნდნენ. კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ 56 ადამიანი. COVID-19-ის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.

10 აპრილს კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო ლენტეხის რაიონში სრული კარანტინი გამოცხადდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ლენტეხში შიდა გადაცემის ოთხი ახალი ფაქტი დაფიქსირდა.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ლენტეხთან ამოქმედდება იგივე შეზღუდვები, რაც დაწესებულია მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში — აკრძალულია ლენტეხში შესვლა და გამოსვლა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: