საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსპიკერის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სასულიერო პირმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოლოს 7 აპრილს, ხარებას ღვთისმსახურება ჩაატარა.

მისივე თქმით, სასულიერო პირი იმავე საღამოს შეუძლოდ გახდა და ექიმებს მიმართა, მეორე დღეს კი ისევ ღვთისმსახურება ჰქონდა.

დღეს, 14 აპრილს ცნობილი გახდა, რო კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისში, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის ერთ-ერთ სასულიერო პირს. ის კლინიკაში ოჯახის ორ წევრთან ერთადაა მოთავსებული.

პირველ აპრილს პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა მიმართვა, რომლის თანახმადაც, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, შესაბამისად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგიაც. ტაძრებში წირვა-ლოცვების ჩატარებისთვის კი სასულიერო პირებს სამი რეკომენდაცია სმს-თი გაუგზავნეს.

12 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიებში სააღდგომო ღვთისმსახურებას კომენდანტის საათის დროს ჩაატარებენ.

სამთავრობო გუნდი ისევ აცხადებს, რომ საკარანტინო შეზღუდვები ეხება ყველას და სააღდგომო ლიტურგიაზე შეკრებაც საკომენდანტო საათის დარღვევა იქნება, თუმცა 3-ზე მეტი ადამიანის შეკრებისთვის ეკლესიაში არავინ დაუჯარიმებიათ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 296 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელებულია 69, ხოლო გარდაცვლილი — 3.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: