დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, აღდგომის ღამეს ეკლესია არ დაიხურება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"იდეალური რა იქნებოდა იცით? რომ ეკლესია იყოს ღია და კანონი არ დაარღვიოს არავინ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აქ უნდა მივიდეთ. არც ერთ შემთხვევაში კანონი არ დაირღვევა. ეს იქნება როგორც სახელმწიფოს, ისევე ეკლესიის მოწოდება. ისევე, როგორც დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო, მე პირადად ვიტყვი, რომ ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით სააღდგომო ღამეს. აქ ჩემი და ჩვენი ძირითადი მოკავშირე არის მოქალაქე", — განაცხადა გახარიამ.

პრემიერმინისტრის თქმით, მოქალაქემ, "რომელიც არის გონიერი", იცის, რომ თავის თავზე პასუხისმგებლობა თვითონაც უნდა აიღოს.

"თავის თავზე, ჯანმრთელობაზე პასუხიმგებლობა არ უნდა დააკისროს ყველა სხვას. არ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა ეკლესიას და დაელოდოს მოწოდებას, რომელიც რა თქმა უნდა ვერ იქნება, რომ არ მოხვიდეთ ეკლესიაში; ან სახელმწიფოსგან არ უნდა დაელოდოს ისეთ მოწოდებას, რომ დაარღვიეთ კანონი და თვალს დავხუჭავთ. ეს არ იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბრძენი მოქალაქე ამას მიხვდება", — თქვა გახარიამ.

გუშინ, 13 აპრილს, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასულიერო პირს კორონავირუსი აქვს, რაც დღეს ოფიციალურად დაადასტურეს. ის კლინიკაში ოჯახის ორ წევრთან ერთადაა მოთავსებული.

პირველ აპრილს პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა მიმართვა, რომლის თანახმადაც, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, შესაბამისად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგიაც. ტაძრებში წირვა-ლოცვების ჩატარებისთვის კი სასულიერო პირებს სამი რეკომენდაცია სმს-ით გაუგზავნეს.

12 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიებში სააღდგომო ღვთისმსახურებას კომენდანტის საათის დროს ჩაატარებენ.

სამთავრობო გუნდი ისევ აცხადებს, რომ საკარანტინო შეზღუდვები ეხება ყველას და სააღდგომო ლიტურგიაზე შეკრებაც საკომენდანტო საათის დარღვევა იქნება, თუმცა 3-ზე მეტი ადამიანის შეკრებისთვის ეკლესიაში არავინ დაუჯარიმებიათ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 296 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელებულია 69, ხოლო გარდაცვლილი — 3. კარანტინის რეჟიმში 4 834 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 434.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: