ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ ხალხმრავალი წირვები და საერთო კოვზით ზიარების წესის შენარჩუნება "უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა". ის არ საუბრობს ვირუსის გავრცელების რისკზე ან საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვის დარღვევაზე, რაც კანონდარღვევაა. კვირიკაშვილი ამბობს, რომ ეს "პირდაპირ უკავშირდება ქრისტეს რწმენას".

"მსურს, გამოვეხმაურო სააღგდომო ლიტურგიის თაობაზე მიმდინარე პოლემიკას და გამოვხატო ჩემი პოზიცია, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში, ერთის მხრივ, ეკლესიის მსახურთათვის, ხოლო მეორეს მხრივ, ხელისუფლებისთვისაც მნიშვნელოვანია, იცოდეს საზოგადოების წარმომადგენელთა აზრი. პირველ რიგში, როგორც ერთმა ჩვეულებრივმა ქრისტიანმა, მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ გასული კვირების განმავლობაში ტაძრებში ზედმიწევნით ხდებოდა დადგენილი წესების დაცვა. დარწმუნებული ვარ, სამღვდელოების და მრევლის ერთობლივი ძალისხმევით, ასე გაგრძელდება მომავალ დღეებშიც. ვფიქრობ, რომ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება ტაძრებში, ისევე როგორც ზიარების წესის შენარჩუნება, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა იმ გარემოებაში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და ეკლესია აღმოჩნდა, და ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ქრისტეს რწმენას და ზიარების საიდუმლოების აღიარებას", — წერს კვირიკაშვილი ფეისბუქის გვერდზე.