73 წლის კაცს, რომელიც ბზობას ტიტების გაყიდვისთვის 3 ათასი ლარით დააჯარიმეს, მოქალაქეებმა 5 ათას ლარამდე შეუგროვეს.

თანხის შეგროვების ერთ-ერთი ინიციატორი, ანა ინგოროყვა On.ge-სთან ყვება, რომ მოხუცის დაჯარიმების გამო პროტესტი გაუჩნდა, რის გამოც საკუთარი ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნა და მისთვის ფულის შეგროვება დაიწყო. მისივე ინფორმაციით, იურისტები მოხუცის დახმარებას აპირებენ და ჯარიმას გაასაჩივრებენ.

თანხის შეგროვებაში თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების ფეისბუქჯგუფიც იყო ჩართული. გარდა ამისა, კამპანიაში ჩაერთო მოძრაობა დავეხმაროთ მოხუცებს, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში თანხას აგროვებს და მოხუცებს პირველადი საჭიროების ნივთებით ეხმარება.

73 წლის კაცის ვიდეო, სადაც ის დაჯარიმების შესახებ ყვება დღეს, 14 აპრილს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა.

"გამოვედი წამლის საყიდლად ოთხის ნახევარზე და გამოვაყოლე 70 ტიტა. ავედი ვთქვი, რომ წამლის ფული არ მქონდა და უნდა მივსულიყავი და წამალი გამომეტანა. დავდექი ეკლესიის წინ და ვცდილობდი რომ გამეყიდა. გავყიდე 9 ცალი, 9 ტიტა და ამის გულისთვის დამაჯარიმეს 3 000 ლარით. ავიღე 6 ლარი. [...] პოლიციელებს ვეხვეწებოდი ნუ დამაჯარიმებთ, სამი ობოლი მყავს, მაგრამ არ გაითვალისწინეს", — ამბობს ის.

ბზობაზე საქართველოს ეკლესიებში ათეულობით ადამიანი იყო შეკრებილი, თუმცა საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის მიუხედავად, ისინი არ დაუჯარიმებიათ.