73 წლის კაცს, რომელიც ბზობას ტიტების გაყიდვისთვის 3 ათასი დააჯარიმეს, უკვე 10 ათასი ლარი შეუგროვეს. როგორც მოძრაობა დავეხმაროთ მოხუცებს ამბობს, მიშა ბაბუს თანხას ხვალ, 16 აპრილს გადასცემენ.

მიშა ბაბუს ვიდეო, სადაც ის დაჯარიმების შესახებ ყვება 14 აპრილს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა.

"გამოვედი წამლის საყიდლად ოთხის ნახევარზე და გამოვაყოლე 70 ტიტა. ავედი ვთქვი, რომ წამლის ფული არ მქონდა და უნდა მივსულიყავი და წამალი გამომეტანა. დავდექი ეკლესიის წინ და ვცდილობდი რომ გამეყიდა. გავყიდე 9 ცალი, 9 ტიტა და ამის გულისთვის დამაჯარიმეს 3 000 ლარით. ავიღე 6 ლარი. [...] პოლიციელებს ვეხვეწებოდი ნუ დამაჯარიმებთ, სამი ობოლი მყავს, მაგრამ არ გაითვალისწინეს", — ამბობს ის.

ბზობაზე საქართველოს ეკლესიებში ათეულობით ადამიანი იყო შეკრებილი, თუმცა საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის მიუხედავად, ისინი არ დაუჯარიმებიათ.