COVID-19-ის გამოჩენის შემდეგ საზოგადოებაში შიშმა და განტევების ვაცის ძებნის სურვილმა დიდი დოზით იჩინა თავი. მსოფლიოში ახალი ამბების უმეტესობა ან ყველაზე პესიმისტური სცენარების დასახვას ეთმობა, ან — პოლიტიკოსების ურთიერთბრალდებებს.

მთელი ამ ისტერიის ფონზე ადვილია დაგვავიწყდეს, რომ ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური ნარატივებისა და შემაშფოთებელი სტატისტიკური მონაცემების უკან ხალხია, რომელსაც დაავადებასთან ერთად უწევს ცხოვრება. რიცხვებზე ყურადღების გადატანით, შეიძლება, მხედველობიდან გამოგვრჩეს მთავარი — ეპიდემიის გავლენა უშუალოდ ადამიანებზე.

2003 წლის SARS-ის ეპიდემიის შემდეგაც მკვლევართა უმეტესობა დაავადების გეოპოლიტიკურ და ბიოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონცენტრირდა. ასეთ დროს ის, რაც ყურადღების მიღმა გვრჩება, არის ის, თუ როგორ იმუხტება დადებითი ენერგიით ეპიდემიის ეპიცენტრში მყოფი საზოგადოების ყოველდღიურობა.

სავალდებულო იზოლაციის და ფიზიკური დისტანცირების პირობებში რიგითმა ადამიანებმა ეპიდემიით გამოწვეული ემოციების გამოხატვის და სოციალიზაციის ახალი გზების მოძებნა დაიწყეს. SARS-ის აფეთქების პერიოდზე მეტადაც კი, ახლა, COVID-19-ის გამოჩენისას, ჩინური ინტერნეტსივრცე ეპიდემიის შედეგად გაერთიანებული ხალხის მიერ გამოხატული სიყვარულის, იუმორის და შემოქმედებითი ენერგიის გაზიარების ადგილად იქცა.

უხანში მცხოვრები ხალხი მკაცრი კარანტინის პირობებში ერთმანეთს ამხნევებს:

პანდემიური სოლიდარობა

ადრეული ვიდეოების პირველმა ნაკადმა უხანი ჩაკეტვიდან ხუთ დღეში, ვირუსზე არანაკლები სისწრაფით მოიცვა. სპონტანური სოლიდარობის ტალღის ნაწილი იყო 27 იანვრის ღამე, როცა ქალაქის მკვიდრნი საკუთარი ბინების ფანჯრებიდან ყვიროდნენ "ჯიაიოუს" — სიტყვასიტყვით "ნავთის დამატებას" — რაც ითარგმნება როგორც "გამაგრდი" ან "არ დანებდე". ეს ერთიანობის, სიძლიერის და შეუპოვრობის დემონსტრაცია იყო — ჩვენება იმისა, რომ ხალხი ვირუსით და კარანტინით გამოწვეულ გულგატეხილობას და სევდას არ აჰყვა და სანაცვლოდ ერთმანეთის გამხნევება გადაწყვიტა.

ერთ-ერთ ასეთ ვიდეოს, რომელიც ჰონგ-კონგში არსებულმა ინგლისურენოვანმა გამოცემამ, The South China Morning Post-მა იუთუბზე ატვირთა, მილიონზე მეტი ნახვა აქვს. მასში უამრავი ინტერნეტმომხმარებელი არაერთი აზიური ქვეყნიდან მხარდაჭერის ნიშნად თითქოს უხანის ექოს იმეორებს: "უხან, ჯიაიოუ!"

რასაკვირველია, ამ ფრაზამ სოციალური მედიაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიცვა და საბრძოლო შეძახილად იქცა მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მთავრობა ცდილობდა, იგი მხოლოდ ეროვნულ დონეზე ექცია ეთნონაციონალური, პატრიოტული სულისკვეთების სლოგანად.

პანდემიური ზრუნვა

უხანში კარანტინის დროს უპატრონოდ დარჩენილი შინაური ცხოველების გამოკვება მოხალისეთა ჯგუფმა ითავა.

ფოტო: Wuhan Pet Life Online

ურთიერთთანადგომის ეს სურვილი ცხოველებზე ზრუნვაშიც გადაიზარდა. უხანის ჩაკეტვამ ქალაქის მიღმა დატოვა ათიათასობით მკვიდრი, რომელთაც დაახლოებით 50 ათასი შინაური ცხოველი სახლში უპატრონოდ დარჩათ. სოციალური მედიის დახმარებით შინაური ცხოველის ზოგიერთი პატრონი ლაო მაოს ("მოხუცი კატა") დაუკავშირდა, რომელიც უხანში ცხოველთა დამცველი მოხალისეების ჯგუფს უდგას სათავეში. მოხალისეები მთელ ქალაქს მოედნენ — ისინი ცარიელ სახლებში შედიოდნენ და მიტოვებულ კატებსა და ძაღლებს აჭმევდნენ.

ხუბეის გარეთაც ცხოველთა მოყვარულები აგრეთვე ეხმარებიან პროვინციაში დარჩენილებს საკუთარი ოთხფეხა მეგობრების მოვლაში. ეს ამბები იმაზე, თუ როგორ უვლიან გაჭირვების დროს ცხოველებს მაშინ, როცა ადამიანებსაც არ ულხინთ, კარგი მაგალითია იმ ფართოდ გავრცელებული შეხედულების გასანეიტრალებლად, რომლის მიხედვითაც, ჩინური კულტურა ცხოველებისადმი ყველაზე უხეში და სასტიკი მოპყრობით გამოირჩევა.

საზოგადოებრივი თვითშეგნების და ერთმანეთზე ზრუნვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება სამედიცინო ნიღბებს უკავშირდება. ჩინეთში პირბადეების გაზიარება კეთილმოსურნეობის, პატივისცემისა და თანამეგობრობის გამომხატველად იქცა. ერთ-ერთ ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც ანხოის პროვინციაში სათვალთვალო კამერითაა გადაღებული, "კეთილ სამარიტელს" 500 სამედიცინო ნიღაბი პოლიციის განყოფილებაში მიაქვს. როცა მან პირბადეების მაგიდაზე დადების შემდეგ შენობა სწრაფად დატოვა, პოლიციის ორი ოფიცერი გაეკიდა, რათა მისთვის ხელის აწევით მადლობა გადაეხადა.

უხანელი კაცი საკუთარი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ ჩაგდების მიუხედავად პოლიციელებს 500 სამედიცინო ნიღაბს უტოვებს:

ეს ვიდეო შთაგონების წყაროდ იქცა ჰონგკონგელი მომღერლის, G.E.M. იმავე გლორია ტენგისთვის, რომელმაც სიმღერა "ანგელოზები" დაწერა. სიმღერას გამოსვლის დღესვე 600 ათასზე მეტმა ადამიანმა მოუსმინა. იგი ეძღვნება რიგით ადამიანებს, რომლებიც პანდემიისას კეთილშობილური ქმედებებით და სიქველით გამოირჩევიან. სიმღერის კლიპი იწყება ანხოის ვიდეოთი და გრძელდება მსგავსი სულისკვეთების სხვა კადრებით. მაგალითად, ჩვენ ვხედავთ რკინიგზის თანამშრომელს, რომელიც მატარებელში მოხუცებულ ქალს ნიღაბს ჩუქნის და კაცს, რომელიც აეროპორტში მოგზაურებს ნიღბებს უფასოდ ურიგებს.

პანდემიური იუმორი

შემოქმედებითმა ენერგიამ ჩინელი ხალხის იუმორზეც იმოქმედა. ქვეყნის მასშტაბით ადამიანები სხვადასხვა ჩაკეტილი რეგიონიდან სოციალურ მედიაში ახალი ჟანრით ­— საკარანტინო იუმორით ერთობიან. ჩინური სოციალური მედიის პლატფორმები, Weibo, WeChat და Douyin წალეკა მიმებმა კარანტინში მოწყენილობასა და ჩაკეტილობისგან გაგიჟებაზე. ინტერნეტმომხმარებლები იღებენ ვიდეოებს, როგორ მღერიან ჩაკეტილობის სევდაზე კლასიკური მელოდიის თანხლებით, როგორ თევზაობენ სახლის აკვარიუმებში, როგორ თამაშობენ მაჯონგს თავზე პარკწამოცმულები, როგორ ერთობიან მისაღებ ოთახში ბადმინტონით ან როგორ დგამენ უცნაურ საცეკვაო ქორეოგრაფიას.

მომძლავრებულ კრეატიულობას ადამიანები უჩვეულო დამცავი ეკიპირების ჩაცმითაც გამოხატავენ: ისინი უბნის მაღაზიებსა თუ პარკებში ტირანოზავრების, უცხოპლანეტელების და საახალწლო ნაძვის ხეების კოსტუმებში გამოწყობილები დაიარებიან. ხოლო როცა ნიღბები უთავდებათ, ზოგიერთი ნახევრად ხუმრობით ბიუსტჰალტერით, სანიტარული საფენით ან ფორთოხლის ქერქით ანაცვლებს მას.

ჩინელი ხელოვანის, ზუო ანშენგის ცომისგან დამზადებული ფიგურები.

ფოტო: Feature China / Barcroft Media / Getty Images

როგორც პეკინელი ჟურნალისტი, მანია კოეცე ამბობს, სოციალურ მედიაში გავრცელებული ამგვარი პოსტები ადამიანებს ეხმარება, "იხუმრონ მეზობლებზე, მეგობრებზე, ოჯახის წევრებზე ან სულაც საკუთარ თავებზე იმ გადამეტებული და ზოგჯერ სულელური ზომების გამო, რომლებსაც ისინი კორონავირუსისგან თავის დასაცავად მიმართავენ". მაგრამ დაცინვაზე მეტად ეს მიმები ადამიანებს გამოსადეგი მიზნის მიღწევაში — ერთმანეთის გამხნევებასა და პოზიტიური განწყობის შექმნაში ეხმარება. ასეთ რთულ პერიოდში, როცა განსაკუთრებით მომძლავრებულია სტრესი, ისინი ვირტუალურ საზოგადოებაში იუმორის დახმარებით ურთიერთობენ და ერთობიან.

თუმცა ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს, რომ ჩინეთში ეპიდსიტუაცია მხოლოდ მხიარულ და ერთსულოვან გამოცდილებას ბადებს. მაგრამ ეს მაგალითები იმის მაჩვენებელი კია, რომ არაა აუცილებელი, პანდემიის ცენტრებში ცხოვრება დაემსგავსოს აპოკალიფსურ ყოფას, სადაც ეპიკური გმირები და ბოროტმოქმედები ერკინებიან ერთმანეთს ან ნგრევისა და დაპირისპირების ჰორორისეული სცენარი ვითარდება.

მართლაც, იმ სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც დღეს COVID-19-ის ეპიცენტრებად იქცნენ, მსგავსად შთამაგონებელი ისტორიები თამაშდება: ფრონტის ხაზზე მებრძოლი ექიმები ირანში საავადმყოფოს დერეფნებში ცეკვავენ, რათა პაციენტებიც გაამხნევონ და თვითონაც გამხიარულდნენ; კარანტინში მყოფი იტალიელები კი საკუთარი აივნებიდან მღერიან ერთმანეთის განწყობის ასამაღლებლად — მათ საპასუხოდ, ჩინელი ინტერნეტმომხმარებლებიც ავრცელებენ ვიდეოებს "იტალია, ჯიაიოუს" შეძახილებით.

მთლიანობაში, ეს შემთხვევები ადასტურებს, რამდენად მტკიცედ შეგვიძლია, შევხვდეთ პანდემიას — რომ შესაძლებელია, ვირუსული აფეთქებების პერიოდი თანაგრძნობით, შემოქმედებითი მიდგომით და ჩვეული ადამიანური მხიარულებით გადავიტანოთ.