კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მილიონობით მოსწავლე სწავლას დისტანციურად აგრძელებს. მათი ცოდნის მიღების გზები კიდევ უფრო მრავალფეროვანი რომ გამხდარიყო, ნეტფლიქსმა გადაწყვიტა, რომ 10 შემეცნებითი დოკუმენტური სერიალი ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

როგორც ამ გიგანტური სტრიმინგ სერვისის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, კომპანიამ ამ გადაწყვეტილებით პირველ რიგში მასწავლებლებს შეუწყო ხელი, რათა მოსწავლეებისთვის სხვადასხვა თემატიკის საგანმანათლებლო მასალის ჩვენება შესძლებოდათ.

"მრავალი წლის განმავლობაში ნეტფლიქსი მასწავლებლებს უფლებას აძლევდა, რომ გაკვეთილებზე მოსწავლეებისთვის დოკუმენტური ფილმების ჩვენებები მოეწყოთ. სკოლების დახურვის გამო ახლა ეს შესაძლებელი აღარ არის, თუმცა მათი თხოვნის გამო რამდენიმე დოკუმენტური ფილმი შევარჩიეთ, რომელიც ყველასთვისაა ხელმისაწვდომი", — წერია განცხადებაში.

ესეც ის ათი ფილმი, რომლის ნახვაც ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია ნეტფლიქსის ოფიციალურ YouTube არხზე:

1. 13th

2016 წელს გამოსული ავა დიუვერნეის ეს ფილმი ამერიკაში რასიზმისა და მონათმფლობელობის შემზარავი ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ოსკარების 89-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაშიც მოხვდა.

2. Abstract: The Art of Design

ვისაც დიზაინი იტაცებს ან უბრალოდ უნდა ამ დარგის შესახებ მეტი გაიგოს, ნეტფლიქსის ეს ფილმი დაეხმარება დიზაინის ფილოსოფიას, მეცნიერებასა და ხელოვნებას უფრო მეტად ჩასწვდეს.

3. Babies

ამ ფილმის გადაღება 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის ახალშობილების განვითარებაზე მეცნიერული დაკვირვებებისა და ექსპერიმენტების უნიკალურ მასალებს შეიცავს.

4. Chasing Coral

ვისაც ზღვისქვეშა სამყარო იტაცებს, მას აუცილებლად დააინტერესებს ეს ფილმიც, რომელიც იმ გამორჩეული მკვლევრების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მარჯნის რიფის გაქრობას აკვირდებიან და შეისწავლიან.

5. Explained

ნეტფლიქსმა ხელმისაწვდომი გახადა რამდენიმე ეპიზოდი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დოკუმენტური სერიების კრებულიდან Explained, რომელიც მაყურებელს ლაკონიურად და გასაგები ენით სხვადასხვა თემაზე აწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას. მაგალითად, ამ ეპიზოდში გაიგებთ, თუ რატომ აქვთ ზოგად ჭრილში ქალებს უფრო ნაკლები ანაზღაურება, ვიდრე — კაცებს.

6. Knock Down the House

ეს სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი კი ოთხი ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც აშშ-ში პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებისთვის იბრძოდნენ. ფილმი გვაჩვენებს, თუ რისი გამოვლა მოუწიათ მათ დღემდე და რა დაბრკოლებებს აწყდებოდნენ ყოველდღიურად.

7. Our Planet

ნეტფლიქსმა მთლიანად გაავრცელა YouTube-ზე მისი ეს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დოკუმენტური შოუ, რომლის თითოეული ეპიზოდიც ჩვენი პლანეტის საოცრებების აღმოჩენას ეთმობა: იქნება ეს უდაბნოების ეკოსისტემა, ოკეანეები თუ ჯუნგლები.

8. Period. End of Sentence.

ეს 25-წუთიანი დოკუმენტური ფილმი ინდოეთში ქალების საოცრად ემოციური და შთამაგონებელი მოძრაობის შესახებ მოგვითხრობს, რომლის მიზანიც ქალის ჰიგიენური საშუალებების ყველასათვის ხელმისაწვდომობის მოთხოვნა იყო.

9. The White Helmets

ეს წარმოუდგენლად ამაღელვებელი მოკლემეტრაჟიანი ფილმი კი იმ მოხალისეების შესახებაა, რომლებიც სირიის ომის დროს დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად ყველაფერს აკეთებდნენ, მათ შორის თავიანთ სიცოცხლეს დიდი რისკის ქვეშ აყენებდნენ.

10. Zion

10 წუთზე სულ ცოტა მეტი ხანგრძლივობის მქონე ეს დოკუმენტური ფილმი კი ნებისმიერ სკეპტიკოსს დაარწმუნებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები ნამდვილად არ არსებობს.