ბლოგი, COVID დამესიზმრა, სიზმრების სიურრეალისტური კოლექციაა, სადაც გასული წლის განმავლობაში მკითხველები მთელი მსოფლიოდან პანდემიის პერიოდში ნანახ უცნაურ ზმანებებს ათავსებდნენ. როგორც აღმოჩნდა, პანდემიას ერთობ ღრმა და საგულისხმო გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენს კოლექტიურ არაცნობიერზე. მაგალითად, ერთ-ერთ სანფრანცისკოელს დაესიზმრა, რომ კროქსები ეცვა, ქალაქში ხეტიალობდა და კორონავირუსით დაბინძურებულ ნემსზე დაებიჯა ფეხი. ჯორჯიაში მცხოვრებმა ერთმა ადამიანმა კი გაიხსენა სიზმარი, სადაც ექიმმა ბარძაყზე მარილი მოაყარა, შემდეგ ეს მარილი თითებით აიღო, გემო გაუსინჯა და განუცხადა, "COVID-19-ის ტესტზე დადებითი პასუხი გაქვსო".

მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში ადამიანებს კარანტინში ყოფნა უხდებათ ან დაავადებასთან ბრძოლა უწევთ, ბევრი მათგანი ნახევრად ხუმრობით ამბობს, რომ იმაზე უფრო უცნაური და ცხადი სიზმრები აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ. მათგან ზოგიერთი უშუალოდ კორონავირუსს უკავშირდება, ზოგი — პანდემიამდელი მსოფლიოს ყოფას, ზოგიც, უბრალოდ, უცნაური და აუხსნელია. ადამიანები იმასაც აღნიშნავენ, რომ მოსვენება სულ უფრო უჭირთ, ამდენად ჩვეულებრივზე ნაკლები სძინავთ (მათ, ვისაც უძილობის პრობლემები აქვს, ან კოშმარები არ ასვენებს, აშშ-ის ძილის ეროვნული ფონდი ურჩევს, ძილ-ღვიძილის სტაბილური რეჟიმი შეინარჩუნონ ან პერიოდულად 30 წუთით წაუძინონ ხოლმე). ამ დროს სხვები ამბობენ, რომ ჩვეულებრივზე მეტხანს სძინავთ, ხოლო მუდმივად ღრმა ძილით მძინარე ადამიანებს იშვიათად თუ შეუძლიათ ნანახი სიზმრის გახსენება.

აი, ძილის მკვლევრებისთვის კი სიზმრების შინაარსების შეგროვებისა და გაანალიზებისთვის ერთობ ხელსაყრელი დროა. ზოგიერთის თეორიით, ცხადი ზმანების ასე გავრცელების მიზეზი ძილის რეჟიმის შეცვლაა: ადამიანების უმეტესობას ცხადი სიზმრები REM-ის (თვალების სწრაფი მოძრაობის) ფაზის დროს აქვს და, ამასთან, ღამის სვლასთან ერთად უფრო ხანგრძლივი და ღრმა REM ციკლი უვითარდება. თუკი ადამიანი REM ციკლში ყოფნისას გაიღვიძებს, მეტად სავარაუდოა, რომ მას ნანახი სიზმრის შინაარსი და დეტალები ახსოვდეს.

ფოტო: Tracy J Lee / Wired

სხვების მტკიცებით, სიზმართა ეს სიცხადე იმ ემოციურ და ფიზიკურ ქაოსს უკავშირდება, რაში ყოფნაც ბევრ ჩვენგანს უწევს. გასულ წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ლიმბური სისტემა — თავის ტვინის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ქცევით და ემოციურ რეაგირებაზე — განსაკუთრებით უცნაური ან ემოციური სიზმრების ნახვისას აქტიურდება. იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენას ახდენს COVID-19-ის პანდემიის მსგავსი მოვლენა ჩვენს ძილსა და სიზმრებზე, საინტერესო მოსაზრებები აქვს დილან სელტერმენს, სოციალურ ფსიქოლოგს, რომელიც DREAM-ს — სიზმრების, ურთიერთობის, ემოციების, მიზიდულობის და მორალის შემსწავლელ ლაბორატორიას ხელმძღვანელობს მერილენდის უნივერსიტეტში. ქვემოთ დასმულ კითხვებს სწორედ სელტერმენი სცემს პასუხებს.

როგორ შეუძლია პანდემიის მსგავსი მოვლენით გამოწვეულ სტრესს, გავლენა იქონიოს ჩვენს სიზმრებზე?

მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრებს შორის სიზმრის რაობაზე საერთო თეორია ჩამოყალიბებული არაა, მაინც არსებობს რამდენიმე განსხვავებული და სარწმუნო მოსაზრება. თქვენ ალბათ გსმენიათ ეგრეთ წოდებული სიზმრების განგრძობადობის თეორიის შესახებ, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ დამტკიცებული არაა, მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ თეორიის თანახმად, ადამიანებს ის ესიზმრებათ, რასაც დღის განმავლობაში აკეთებენ ან ფიქრობენ. თუკი პანდემიით ან ოჯახსა და სამუშაოზე ფიქრით გამოწვეული სტრესი ოდნავ მაინც ახდენს ჩვენზე გავლენას, მაშინ სრულებით ნორმალურია, იგივე განცდები ძილში სიზმრებადაც გვეწვიოს.

ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ სიზმრებს აქვთ კონკრეტული დანიშნულება, მოგვამზადონ იმ რთული სიტუაციებისა და გამოწვევებისთვის, რომლებთან გამკლავებაც გაღვიძების მერე მოგვიწევს. ამ ჰიპოთეზის თანახმად, ჩვეულებრივ, სტრესით გამოწვეული სიზმრის დროს თქვენი გონება ცდილობს, პრობლემა გადაჭრას. თუმცა არსებობენ მკვლევრები, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებენ; მაგალითისთვის, თუკი რეალურ ცხოვრებაში გიწევთ გამკლავება სირთულეებთან და მათ სიზმრებშიც ნახულობთ, ეს თქვენი სამომავლო მენტალური ჯანმრთელობის ერთგვარი პროგნოზი შეიძლება იყოს.

ეს არის რამდენიმე სავარაუდო ახსნა, თუ რატომ ნახულობენ სტრესულ სიზმრებს ადამიანები. ჩვენ ვცდილობთ, შექმნილი სიტუაცია ემოციურად დავძლიოთ და მომავლისთვის მოვემზადოთ. ამდენად, გასაკვირი საერთოდ არაა, რომ ზოგს პანდემიასთან დაკავშირებული სიზმრები აქვს — მაგალითად, შესაძლოა, ძილში ნახოთ, როგორ ცდილობთ ადამიანებისგან ფიზიკური დისტანცია დაიცვათ, რადგან ამას ღვიძილის დროსაც ვაკეთებთ.

ფოტო: Vice

რამდენად მართალია მოსაზრება, რომ ბევრი ადამიანი ერთდროულად მსგავსი ტიპის სიზმრებს ხედავს?

სიზმრების ცვალებადობაზე და მის სიცხადეზე ყველაზე დიდი გავლენის მოხდენა ძილის რეჟიმს შეუძლია. კვლევით დასტურდება, რომ თუკი ადამიანს მძიმე ტრავმული პირადი გამოცდილება აქვს, მას ხშირად ესიზმრება კოშმარები. აგრეთვე, როცა ადამიანები ძილის რეჟიმს იცვლიან და თუ ადრინდელზე დიდხანს სძინავთ, მეტად სავარაუდოა, ცხადი სიზმრები ნახონ.

კიდევ ერთი მოსაზრებით, ადამიანები ამ პერიოდში საკუთარ სიზმრებზე მეტს ფიქრობენ. კვლევებმა აჩვენა, რომ როცა ღვიძილის დროს თქვენს სიზმრებზე ფიქრობთ, ისინი უკეთესად გამახსოვრდებათ. ეს კარგად ჩანს ეგრეთ წოდებული "დღიურის კვლევებში", რომელთა თანახმადაც, თუკი ადამიანი საკუთარი სიზმრების შესახებ ჩანაწერებს თუნდაც მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში აკეთებს, ის თანდათან ძილში ნანახის უფრო და უფრო მეტ დეტალს იხსენებს.

თუკი სიზმრების ფილოსოფიაზე უფრო მეტის შეტყობა გსურთ, ვიდრე სამეცნიერო კვლევებზე, შეგიძლიათ, კარლ იუნგის კოლექტიური არაცნობიერის თეორიას გაეცნოთ. მაგრამ სამეცნიერო ლიტერატურაში არ მოიძებნება მტკიცება, რომ ტერორისტული თავდასხმის მსგავსი ტრავმული გამოცდილების შემდეგ მილიონობით ადამიანი კონკრეტულად ამ ამბის შესახებ იწყებს სიზმრების ნახვას.

11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ტაფტსის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეცნიერებმა კვლევაში მონაწილე 44 ადამიანის სიზმრები გააანალიზეს. თავდასხმის შემდგომ ნანახი სიზმრები მეტი გამომსახველობით გამოირჩეოდა, რაც, როგორც კვლევის წამყვანმა მეცნიერმა განაცხადა, "იმეორებს იმ წინა კვლევების შედეგებს, რომლებიც სხვადასხვაგვარი ტრავმული გამოცდილების მქონე ადამიანებზე ჩატარდა". ამისდა მიუხედავად, არცერთი მონაწილის სიზმარში არ გამოჩენილა არც თვითმფრინავი და არც ცათამბჯენი.

არსებობს რაიმე გზა, რომ ადამიანმა უკეთესი, ნაკლებად საშიში სიზმრები ნახოს?

ფოტო: Mikyung Lee / NBC News

კლინიკურ ფსიქოლოგიაში არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც, იმ ადამიანებს, ვინც მუდმივი კოშმარებით ან პოსტტრავმული სტრესული აშლილობით იტანჯებიან, ლუსიდური სიზმრები შეიძლება დაეხმაროთ. სიზმრების შინაარსის კონტროლით ადამიანებს ძილში უარყოფითი გრძნობებისგან გათავისუფლება და დამამშვიდებელი გამოცდილების მიღება შეუძლიათ. სტივენ ლაბერგი წლებია, ლუსიდურ სიზმრებს სწავლობს და თუკი ამ თემით დაინტერესებული ხართ, მას რამდენიმე წიგნი აქვს გამოცემული ამგვარ სიზმრებსა და მათი გამოწვევის მეთოდებზე.


სელტერმენი გვიზიარებს რამდენიმე სხვა მკვლევრის სახელსაც, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სიზმრების თეორიის განვითარებაში; მათ შორის არიან — როზალინდ კარტრაითი, წიგნის, ოცდაოთხსაათიანი გონება, ავტორი, რომელიც იკვლევს, როგორ არეგულირებს სიზმრები ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობასა და ემოციებს; და რობერტ სტიქგოულდი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ძილის განყოფილების თანამშრომელი, რომლის კვლევაც ძილის პერიოდში მეხსიერების გაძლიერების თემას შეეხება.

შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში ძილის მკვლევრებმა, რომლებიც ახლა პანდემიისთვის სახასიათო სიზმრებს აგროვებენ, ახსნან ჩვენი კარანტინისდროინდელი ზმანებები. ამ პროცესში კი სიზმრებით გადავსებული ბლოგი, COVID დამესიზმრა, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ეს სივრცე მეცნიერებისთვის ისეთივე მდიდარი შეიძლება გამოდგეს მასალით, როგორიცაა სიზმრისეული მესამე რაიხი — ნაცისტური რეჟიმის დროს შარლოტ ბერადტის მიერ შეგროვებული 75 სიზმრის კრებული. ამ წიგნის სტრუქტურა სიზმრებში გამეორებული სიმბოლოების მიხედვითაა აგებული და მიუხედავად იმისა, რომ კვლევას ან ფსიქოანალიტიკურ ტექსტს არ წარმოადგენს, The New Yorker-ის შეფასებით, იგი "ამტკიცებს მოსაზრებას, რომ ღვიძილის და სიზმრების ცხოვრებას შორის უსათუო კავშირი არსებობს".

ამასობაში კი, თუ თქვენც ცხადი სიზმრები გსტუმრობთ, შესაძლოა, ზმანებათა დღიურის წარმოება დაგეხმაროთ — მიუხედავად იმისა, გჯერათ თუ არა საკუთარი სიზმრების განსაკუთრებული მნიშვნელობის. სელტერმენი დასძენს, რომ "საკუთარი სიზმრების გაგებას მეტწილად განსაზღვრავს ის, თუ ჩვენ თავად რა მნიშვნელობებს მივაწერთ მათ".

ამავე თემაზე: