პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-5 პაციენტი 68 წლის კაცი იყო და ის ე.წ. ბოლინისის კლასტერს მიეკუთვნებოდა.

"ჰქონდა გადატანილი ინფარქტი, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა ჩვენთან და ამიტომაც მოხდა მისი აპარატზე გადაყვანა. პაციენტს ინფარქტის გამო აღენიშნებოდა გართულებები, სასუნთქ გზებშიც გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეპტიური შოკი. სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია", — თქვა ლალი ტურძელაძემ.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი კლინიკაში დაახლოებით ორი კვირის წინ შეიყვანეს.

ლალი ტურძელაძემ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 411 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 98, ხოლო გარდაცვლილია 5. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3, კარანტინის რეჟიმში 5 160 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 579.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: