მთავრობის გამკაცრებული რეგულაციების მიხედვით, მაქანებით გადადგილებას ვერც Glovo-სა და Wolt-ის კურიერები შეძლებენ.

ამის შესახებ კომპანიებმა განცხადებები Facevook-ზე გაავრცელეს.

გლოვო წერს, რომ შეზღუდვების გამო მათი პარტნორების დაახლოებით 30% მუშაობას ვერ გააგრძელებს. მათივე ინფორმაციით, შესაძლოა გაიზარდოს მიტანის დრო და შემცირდეს რესტორნებისა და მაღაზიების დაფარვის არეალი.

ამასთან, კომპანია ამბობს, რომ ქუთაისში მხოლოდ მანქანიანი კურიერები ჰყავთ, ამიტომ იქ შეკვეთებს ვეღარ მიიტანენ. ასევე, დიდი მოცულობის შეკვეთებს ვერ მიიღებენ თბილისში, ბათუმსა და რუსთავში.

"ბოდიშს გიხდით შექმნილი უსიამოვნებისთვის. ჩვენ და ჩვენი სუპერგმირი პარტნიორი კურიერები მაქსიმალურად ვცდილობთ მოვერგოთ ახალ რეალობას და თქვენს გვერდით ვდგავართ", — წერს გლოვო.

რაც შეეხება ვოლტს, კომპანია აღნიშნავს, რომ კურიერების საკმაოდ დიდი ნაწილი დღეიდან ვერ იმუშავებს და შეიძლება შეკვეთის მიტანის დრო გახანგრძლივდეს.

"შედეგად, შესაძლებელია გვქონდეს შეფერხებები და გახანგრძლივდეს შეკვეთის მიტანის დროც, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს", — წერს ვოლტი Facebook-ზე.

განახლება: დღის მეორე ნახევარში მთავრობის პრესსამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვა მიტანის, ე.წ დელივერი სერვისებზე არ ვრცელდება.

გუშინ, 21 აპრილს პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა თქვა, რომ 27 აპრილიდან დაიწყება შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვის. თუმცა, საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 22 მაისამდე გაგრძელდება.