ქართული ოცნების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც პარტია ბერა და ბიძინა ივანიშვილების TikTok ვიდეოს კრიტიკას ვრცელი განმარტებით გამოეხმაურა, საუბარია იმაზეც, რა აძლევს ექსპრემიერს ასეთი ვიდეოს ჩაწერის ხალისს.

პარტიის აზრით, საქართველოს და მისი ხელისუფლების წარმატებას ამ კრიზისულ ვითარებაში ხედავს და დადებითად აფასებს საქართველოს მოსახლეობაც და მთელი მსოფლიოც.

"ყველა ხედავს, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა, მისი ხელისუფლება, მსოფლიოში ყველაზე ეფექტური თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნამდვილად არის პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან ბრძოლაში. [...] და რა თქმა უნდა, ეს ანიჭებს ბიძინა ივანიშვილს ოპტიმიზმს და იმის ხალისს, რომ საკუთარ ვაჟთან ერთად ჩაწეროს სახალისო ვიდეო, წარსდგეს არაორდინალურ ამპლუაში და შეზღუდვებით დამძიმებულ მოსახლეობას გაუზიაროს ის ოპტიმიზმი, რომლის საფუძველიც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს", — წერია პარტიის განცხადებაში.

პარტია ასევე აღნიშნავს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი წარმატებით ართმევს თავს გამოწვევებს და ბევრი ძლიერი ქვეყნისგან განსხვავებით, პანდემიამ საქართველოს ჩამოშლა ვერ შეძლო. განცხადების მიხედვითვე, ჯანდაცვის სექტორმა "არნახულად კარგად იმუშავა" და პროფილურმა სამინისტროებმა უზრუნველყვეს, რომ ქვეყანაში სასურსათო დეფიციტი არ შექმნილიყო. საუბარია ფინანსთა მინისტრის მიერ სამი მილიარდი დოლარის ფინანსური რესურსის მობილიზებაზეც და აღნიშნულია, რომ ქვეყანა შედგა "ეფექტურ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ!". განცხადებაში მითითებულია, რომ ამ ყველაფერს ყველა ხედავს და სწორედ ეს ანიჭებს ბიძინა ივანიშვილს ოპტიმიზმსა და ხალისს.