გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ის დრო, რომელიც ფერმერებისთვის ავტომობილებით გადაადგილებაზე დაწესდა, საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების საშუალებას იძლევა. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის ბრიფინგზე განაცხადა.

"გარკვეული სირთულეები ემატება მათ საქმიანობას, მაგრამ მუნიციპალიტეტების დონეზე მათ შეუძლიათ კომუნიკაცია ჰქონდეთ, მისცემენ საშვებს, დამატებით უფლებას, მცირე მაღაზიების ოპერირების შემთხვევაში", — აღნიშნა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვების დაწესება აუცილებელი იყო, რათა დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვქონოდა.

"ჩვენ შედეგებს მივაღწიეთ მხოლოდ საზოგადოების სოლიდარობით. საზოგადოების სოლიდარობა აუცილებელი პირობაა, რათა გვქონდეს წარმატება. ფერმერები, რომლებიც ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულებითი კატეგორიაა, ჩემთვის პირადად, რომლებიც ჩემი სფეროს წარმომადგენლები არიან, ჩემი კოლეგები, ჩემი მეგობრები, რა თქმა უნდა, იქნებიან სოლიდარულები დანარჩენ საზოგადოებასთან ერთად. რა თქმა უნდა, გაითვალისწინებენ, რომ ეს არ არის ყველაზე კომფორტული პერიოდი მათ ცხოვრებაში. ბევრი სირთულე შეიძლება იყოს მათ საქმიანობაში, მაგრამ გამოსავალი არის თანამშრომლობაში", — თქვა მინისტრმა.