ტრეისი მაგუირს ახსოვს ის მომენტი, როდესაც ექიმებმა მისი სამი კვირის შვილის ცხვირის ნესტოში ტესტი მოათავსეს და კორონავირუსზე შეამოწმეს. ახალბედა დედის სიტყვებით, ცხოვრებაში უფრო საშინელი არაფერი უნახავს:

"პირველად დავინახე, როგორ ტიროდა ჩემი პატარა ცრემლებით. ვეხუტებოდი, მასთან ერთად ვტიროდი და ვცდილობდი, რომ გაძლებაში დავხმარებოდი".

პეიტონი 26 მარტს ნაადრევად, მოსალოდნელზე 2 თვით ადრე დაიბადა და მისი წონა 1,5 კილოგრამს შეადგენდა. როდესაც სამი კვირის იყო, მას COVID-19-ის დიაგნოზი დაუსვეს.

იმის მიუხედავად, რომ პატარა ჯანმრთელი იყო, ექიმებმა ტრეისის მისი სხვა საავადმყოფოში გადაყვანა ურჩიეს. რამდენიმე კვირის პეიტონმა პირველი სიმპტომები ბანაობისას გამოავლინა — სრუტუნი და ხველა ერთი შეხედვით ის მაჩვენებლებია, რომლებიც არაპანდემიურ სიტუაციაში საგანგაშო შეიძლება არ ყოფილიყო.

დედის სიტყვებით, რთული იყო იმის მოსმენა, რომ მისი შვილი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ინფიცირებული იყო:

"მითხრეს - "არ დაპანიკდე, ის კარგადაა, მაგრამ კორონავირუსი დაუდასტურდა". ექიმი ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ ცრემლებს ვერ ვიკავებდი. მას გართულებები არ ეტყობოდა, მაგრამ არ ვიცოდი, ვირუსის რომელ ფაზაში იყო, როგორ გაუმკლავდებოდა, შეძლებდა ბრძოლას, როცა ასეთი პატარა და უსუსური იყო? არაფერი ვიცოდი".

პეიტონს ფილტვების გასაძლიერებლად სტეროიდები მისცეს.

ტრეისი და პეიტონი

ფოტო: REUTERS/Rebecca Naden

საკეისრო კვეთის შედეგების გადალახვის შემდეგ, საავადმყოფომ ტრეისი გაწერა და სახლში, 14-დღიანი იზოლაციის დაცვა სთხოვა, თუმცა ის უარზე იყო:

"ტელეფონით ვევედრებოდი ექიმს, რომ ჩემი შვილისგან შორს ყოფნა არ შემეძლო. იმის მიუხედავად, რომ მასზე უამრავი ადამიანი ზრუნავდა, მე დედამისი ვარ. მაშინაც კი, როცა შესცივდებოდა, მის გვერდით მინდოდა ყოფნა".

საბოლოოდ, მედიკოსებმა ტრეისის დარჩენის უფლება მისცეს, თუმცა მამას, ედრიენს, სახლში წასვლა და იზოლაციის გავლა მოუწია.

დღეების განმავლობაში შოტლანდიაში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები გარდაიცვალნენ, მაგრამ პეიტონი განიკურნა. ის და დედა საავადმყოფოდან 20 აპრილს გაწერეს.

ტრეისი ოჯახებს ურჩევს, რომ ექიმებს ნდობა გამოუცხადონ:

"ექიმების მიერ გაწეული შრომა ფასდაუდებელია — ისინი სიცოცხლეს რისკავდნენ, რომ ჩემი პატარა გოგონა გამოეკვებათ და მასზე ეზრუნათ. წინასწარ ვერასდროს მიხვდები, როგორი მადლიერი შეიძლება იყო. პეიტონი ჩემი ცხოვრების საჩუქარია და მე ექიმებს თვალდახუჭული ვენდობოდი".