ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნაზე ხელისუფლების წევრების გამოხმაურებებზე ამბობს, რომ ისინი "შურიანები" და "დაბოღმილები" არიან.

მისი თქმით, უკრაინა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახელმწიფო ინტერესი ვიწრო პარტიულ ინტერესებს არ უნდა გადააყოლონ.

"მე ვურჩევდი თითოეულ მათგანს თავის თავს და ხალხის შიმშილს მიხედონ და საქმეს მიხედონ ქვეყანაში. უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, სტრატეგიული პარტნიორია და მიიღებს თავის გადაყწვეტილებებს უნდათ თუ არ უნდათ ეს ქართული ოცნების დაბოღმილ, შურიან ლიდერებს", — განუცხადა ფორმულას გიორგი ვაშაძემ.

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი, შესაძლოა, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაუარესების მიზეზი გახდეს. ქართული ოცნების წარმომადგენლები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას კატეგორიულად მიუღებელს უწოდებენ.

პეტრო პოროშენკოს დროს მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა კორუფციაზე საუბარი დაიწყო, თანამდებობა დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა, პოროშენკოს განკარგულებით მოქალაქეობა ჩამოართვეს და მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. პოროშენკოს ბრძანებით ის რეადმისიით პოლონეთში დააბრუნეს.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა, რის შემდეგ ოდესის ყოფილი გუბერნატორი ქვეყანაში დაბრუნდა. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ზელენსკიმ რეფორმების საკითხებში მას ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა.

ამავე თემაზე: