ევროპული საქართველოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პირველი მაისიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში იმ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს, რომელთა რეგისტრირებული კონტიგენტი 13 000-ზე ნაკლებია, სახელმწიფო დაფინანსების მიღება უწყდებათ.

როგორც ჭიაბერაშვილი ამბობს, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პირობებში ყოველი ექიმისა და ექთნის შრომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სრულიად გაუმართლებელია ასეთი გადაწყვეტილებების არშეჩერება მაშინ, როდესაც მთავრობა, პირიქით, დაფინანსებას უნდა უზრდიდეს.

მისივე განმარტებით, COVID-19-თან ბრძოლაში ოჯახის ექიმების როლი განსაკუთრებულია და თუ მათ ნაწილს ხელფასი შეუმცირდება ან ნაწილი სამსახურს დაკარგავს, ეს არა მხოლოდ მათი ოჯახების სოციალურ მდგომარეობაზე აისახება, არამედ მათი პაციენტების მდგომარეობაზეც.

"ეს ბევრ ამბულატორიასა და პოლიკლინიკას დააყენებს ფინანსური პრობლემების წინაშე და უმუშევარს დატოვებს იქ დასაქმებული ექიმებისა და ექთნების ნაწილს. ეს გადაწყვეტილება თავისი არსით ცნობილი 520-ე დადგენილების ლოგიკური გაგრძელებაა. 520-ე დადგენილებამ დარტყმა ჰოსპიტალურ სექტორს მიაყენა, მთავრობის მიერ 2020 წლის 9 იანვარს მიღებული მე-15 დადგენილება კი დარტყმას პირველად ჯანდაცვას აყენებს", — აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილი მთავრობას მოუწოდებს, რომ შეაჩეროს მე-15 დადგენილების მოქმედება და ამავე დროს, მკაფიო გეგმა წარმოადგინოს, როგორ ანაზღაურდება ექიმებისა და ექთნების ფასდაუდებელი შრომა ამ უპრეცედენტო კრიზისის პირობებში.