რუის-ურბნისის ეპარქია ყინწვისის მამთა მონასტერში მოღვაწე სასულირო პირის მიერ მკვლელობის მცდელობას ეხმაურება და ამბობს, რომ ბრალდებული მამა დავითი, ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი არაა და ინციდენტი მათ ეპარქიაში არ მომხდარა.

მათი თქმით, ჟურნალისტები "არაპროფესიული" და "უპასუხისმგებლო" განცხადებებით ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევიან.

"უკანასკნელ ხანს, საინფორმაციო საშუალებებით: ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით, აქტიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რუის-ურბნისის ეპარქიის შესახებ: რომ თითქოს, ყინწვისის მამათა მონასტერში, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, მონასტრის "წინამძღვარმა" დავით "აქიაშვილმა".
ეპარქიის სახელით, გვსურს, ვაუწყოთ ფართე აუდიტორიას, რომ იღუმენი დავითი (კობაიძე) არასოდეს არ ყოფილა და არც დღეისათვის არ არის, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი. არამედ, იგი მონასტრის რიგითი წევრია; ხოლო ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არის ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი). გავრცელებული, ცრუ ინფორმაციის, ნებსითი თუ უნებლიე ცდომილებაა აგრეთვე ის, რომ იღუმენი დავითი, გვარად კობაიძეა და არა — აქიაშვილი, როგორც მას იხსენიებენ.
რაც შეეხება ინციდენტს, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება, არამც თუ ყინწვისის ტერიტორიაზე, არამედ, რუის-ურბნისის ეპარქიაშიც არ მომხდარა", — ნათქვამია რუის-ურბნისის ეპარქიის განცხადებაში.

ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 27 აპრილს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყინწვისის მონასტერში მოღვაწე მამა დავითმა ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის მონასტრის წინამღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი დაჭრა.

თავად არქიმანდრიტი საბა ჟღენტი უარყოფდა, რომ იგი სასულიერო პირმა დაჭრა. მისი თქმით, დაჭრასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა და ამით "გულნატკენია".

რუის-ურბნისის ეპარქიაში სასულიერო პირის დაჭრას ეპარქიის მიტროპოლიტი იობი უარყოფდა.