თანასწორობის მოძრაობა მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ ანტიკრიზისული გეგმის ნაწილად ლგბტქ ადამიანების საჭიროებები მოიაზროს და უზრუნველყოს ისინი ბინის ქირის სუბსიდირებით ან თავშესაფრის შეთავაზებით. ორგანიზაცის განმარტავს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ტრანსგენდერ ადამიანებს ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა დასაქმებულთა მსგავსად, მათაც შეეზღუდათ საქმიანობის შესაძლებლობა, არამედ ისინი ყველაზე მეტად არიან მოკლებული სოციალურ მხარდაჭერას, რაც ოჯახის, ნათესავების თანადგომაში გამოიხატება.

"ვაცნობიერებთ იმ რისკებს, რაც თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების ზიანის მიყენებაზე საუბარმა შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ დუმილი შეუძლებელია, რადგან ტრანსგენდერმა ადამიანებმა აქცია იმის გამო გამართეს, რომ ისინი არიან უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში", — ასე ეხმიანება ორგანიზაცია მერიასთან ტრანსგენდერი ქალების აქციაზე მომხდარ შემთხვევას, სადაც აქციის მონაწილემ თავის დაწვა სცადა.

მათი თქმით, ორგანიზაციისა მოქალაქეთა ინიციატივით შეგროვებული თანხები საკმარისი არ არის ტრანს ადამიანების დასახმარებლად.

"სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა არ გულისხმობს საზოგადოების რომელიმე სეგმენტის იგნორირებას. სახელმწიფო უნდა ხედავდეს ტრანს ადამიანების საჭიროებებს, რომლებიც ახლა ბინის, შემოსავლის, საკვებისა და სხვა ელემენტარული საჭიროებების გარეშე არიან დარჩენილები. სახელმწიფო, არსებული კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, ვალდებულია იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ტრანსგენდერი ადამიანები მუდმივად ხდებიან დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლი. მათ უმრავლესობას უარს ეუბნებიან დასაქმებაზე, რის გამოც ხშირად აქვთ ფინანსური პრობლემები და იძულებული ხდებიან, სექს მუშაკად იმუშაონ.