After Life ბრიტანული კომედიური დრამაა, რომლის მეორე სეზონის პრემიერა ნეტფლიქსზე 24 აპრილს შედგა და შავი იუმორის მოყვარულთათვის ნამდვილი აღმოჩენა გახდა. შესაბამისად, შემდეგი სეზონის შესახებ სიახლემაც არ დააყოვნა.

ინგლისელმა კომიკოსმა რიკი ჯერვეისმა, რომელიც ამ სერიალის იდეის ავტორი, პროდიუსერი, რეჟისორი და მსახიობია, რამდენიმე საათის წინ დაადასტურა, რომ მაყურებლები მესამე სეზონსაც იხილავენ:

"იმის გამო, რომ უამრავმა თქვენგანმა ასე სწრაფად უყურა After Life-ის მეორე სეზონს და ნეტფლიქსზე რეიტინგით ლიდერი გახდა, სასიამოვნო ხალხმა ნეტფლიქსიდან შემომთავაზა, რომ ჩემი გასიებული ტრაკი გავანძრიო და კიდევ ერთი სეზონი შევქმნა. ეს ყველაფერი კი თქვენი ბრალია", — წერს ჯერვეისი თავისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

After Life შუახნის ასაკის ჟურნალისტის შესახებ მოგვითხრობს, რომლის სრულყოფილი ცხოვრებაც ცოლის გარდაცვალების შემდეგ იცვლება. მწუხარებასთან და ტრაგედიასთან გამკლავების გზებთან ერთად ეს შოუ მაყურებელს უჩვეულო იუმორსაც სთავაზობს, რამაც უამრავი მათგანი მოხიბლა.

სერიალის პირველი სეზონი 2019 წელს გამოვიდა, ჯერჯერობით კი უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის ვიხილავთ ახალ სეზონს.