პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს პატიმრების გათავისუფლების პირობა არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია.

მისი თქმით, ამას ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის თავად შეთანხემების ტექსტი, მკაფიოდ ადასტურებს.

"ამის მიუხედავად, ოპოზიცია უტიფრდ სპეკულირებს და აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ პატიმრების გათავისუფლების ვალდებულება აიღო და საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებით ემუქრება. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, თუ ასეთი მოხდება, მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, ვინაიდან ქართული ოცნება არის მოწოდებული, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და მხარი დაუჭიროს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს", — განაცხადა თალაკვაძემ.

8 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდმა ახალ საარჩევნო მოდელზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. მხარეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა. სადაც ორივე მხარე, მიუხედავად განსხვავებული აზრისა თანხმდებიან, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია.

"ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა
აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით", — წერია განცხადებაში.