აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, ადამ კინზინგერი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმებას ტვიტერზე ეხმაურება და წერს, რომ შეთანხმების საბოლოოდ შესრულება აუცილებელია.

კინზიგერმა მოლაპარაკებების ფასილიტატორების მიერ გავრცელებული განცხადება გააზიარა, სადაც ისინი ამბობენ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

ბოლო დღეებში ოპოზიციასა და მთავრობას შორის მიღწეული საარჩევნო შეთანხმება ისევ განხილვის საგანი გახდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმებიდან ორი თვის შემდეგ მმართველი გუნდი პირობებს არ ასრულებს, რადგან პოლიტიკოსები ისევ პატიმრობაში არიან. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ შეთანხმებაში არ ეწერა არცერთი პოლიტიკოსის გათავისუფლების საკითხი და ოპოზიციის მოთხოვნა სასამართლოსთვის დავალების მიცემას გულისხმობს, რასაც არ გააკეთებენ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულების გარეშე საარჩევნო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. პასუხად მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ოპოზიციას ცვლილებების ჩაგდება სურს.

ამავე თემაზე:

8 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდმა ახალ საარჩევნო მოდელზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. მხარეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა. სადაც ორივე მხარე, მიუხედავად განსხვავებული აზრისა თანხმდებიან, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია.

"ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით", — წერია განცხადებაში.