პრემიერის მრჩეველის, სოზარ სუბარი განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის ლიდერების, ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას, შეწყალება მოულოდნელი იყო. ამ თემაზე სუბარმა იმედის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

"ჩავრთე [ტელევიზორი] მეხუთე წუთი იყო უკვე მიდიოდა გადაცემა და რამდენიმე წინადადებაში ჯერ ნათქვამი არ ჰქონდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ შეწყალებისკენ მიდიოდა საუბარი. რამდენიმე ჩემმა თანაგუნდელმა ზუსტად იგივე მითხრა. არათუ მოულოდნელი იყო, განცდა საერთოდ არ მქონია, რომ იმ დღეს მსგავსი რამე შეიძლება მომხდარიყო", — თქვა სოზარ სუბარმა.

სუბარის თქმით, საქართველოში ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც შეძლებდა თავის თავზე აეღო ამ გადაწყვეტილების სიმძიმე.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს ოპოზიციის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, რადგან ისინი ქვეყანას არ ჰყავს და ეს შეწყალება ჩვეულებრივ ჰუმანურ პრინციპებს არ ეფუძნება. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის წინაშე იდგა და პრეზიდენტი ვერ დაუშვებდა პოლიტიზაციასა და დაპირისპირებას.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ქართული ოცნების ლიდერებმა "გულდასაწყვეტი" და "არაპოპულარული" უწოდეს. დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, ხოლო ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პრინციპულად არ ეთანხმებიან სალომე ზურაბიშვილის, რომ ორი პოლიტიკოსის ციხეში ყოფნა ქვეყანას საფრთხეს შეუქმნიდა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორებმა და ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ შეთანხმება სრულად შეასრულოს.

გაიგეთ მეტი: