მოსამართლემ მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატმა ჟურნალისტებს ინფორმაცია პროცესიდან მიაწოდა. განხილვა და მოწმეების დაკითხვა ისევ გრძელდება.

მოსამართლის თქმით, ახალი გარემოებები საქმეში არ არის და კვლავ რჩება მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის რისკები.

რურუა ერთ-ერთია იმათგან, ვის გათავისუფლებასაც ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების ფარგელებში ითხოვს. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმების პირობა შესრულებულ არ იქნება, სანამ რურუა საპატიმრო დაწესებულებას არ დატოვებს.

"თუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჩაშალოს შეთანხმება, მიუხედავად ყველაფრისა, ეს არის ნათელი ნიშანი, რომ ისინი აპირებენ ჩაშალონ ეს შეთანხმება და გიორგი რურუა დატოვონ საპატიმროში. გიორგის ციხეში დატოვებას სამართლებრივი ლოგიკა არ გააჩნია, ამიტომ მიგვაჩნია, რომ დღეს კიდევ ერთხელ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ხელისუფლების ზეწოლით", — ამბობს სამადაშვილი.

რურუას გათავისუფლების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს. კერძოდ, ადვოკატის მტკიცებით, ბრალდების მოწმეებიც კი არ ადასტურებენ, რომ ჩხრეკის პროცესი დაინახეს. დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ რურუა უკანონო პატიმარია და მისთვის გირაოს მოთხოვნასაც არ აპირებენ.

დაცვის მხარისგან განსხვავებით, პროკურატურა შუამდგომლობას არ იზიარებდა.