პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, პარტნიორებთან სტრატეგიული ურთიერთობა პოლიტიკურად ანგაჟირებული ლობისტების წერილებით არ ყალიბდება. ამ თემაზე მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ჩვენ დღეს ავღანეთში ვართ წარმოდგენილი ისე, როგორც არ არის წარმოდგენილი დასავლეთ ევროპული და დასავლეთის არც ერთი ქვეყანა, ჩვენი ზომის. შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობა სისტემურად ამ ფუნდამენტზე ყალიბდება და არა ამ პოლიტიკურად ანგაჟირებული ლობისტების წერილებზე", — თქვა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო 5 წელია საქართველოს ევროატლანტიკური მიმართულებით თანამშრომლობა გაღრმავდა. მისი თქმით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა.

მისივე განცხადებით, ფრონტერასთან ხელისუფლებამ საარბიტრაჟო დავა მოიგო, ამიტომ ის ქვეყნებს შორს სტრატეგიულ ურთიერთობას რისკის ქვეშ ვერ დააყენებს. გახარიამ თქვა, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ამერიკის თხოვნით ირანისთვის სანქციების გადადგმის ნაბიჯები გადადგა.

სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ, ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა საქართველოში ამერიკული კომპანიებისა და ბიზნესის შევიწროების გამო სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს წერილით მიმართეს. წერილის ავტორები სენატორები ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, ასევე, კონგრესმენები ჯოდი არინგტონი და მარკვეინ მალინი არიან.

კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ საქართველოში მუშაობაში ხელი შეეშალა კომპანია ფრონტერას და მას ფაქტობრივად გაძევებით ემუქრებიან. მათივე თქმით, იმავე პრობლემას წააწყდა Conti Group ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რამაც პროექტის შეფერხება გამოიწვია.

ამასთან, სენატორები აცხადებენ, ქართული ბიზნესები და ფინანსური სისტემა, უკვე წლებია (2013 წლიდან), გვერდს უვლის ამერიკულ სანქციებს ირანთან დაკავშირებით.

გაიგეთ მეტი: