საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, იმისთვის, რომ განისაზღვროს, როგორი იქნება საქართველოს მხრიდან შემდგომი მონაწილეობა ღია ცის ხელშეკრულებაში, მთავრობა აშშ-სთან და ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციაშია.

მისი განმარტებით, საქართველომ ღია ცის ხელშეკრულება რუსეთთან 2012 წელს შეაჩერა, რადგან მან ხელშეკრულები არასწორ ინტერპრეტაციას და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა დაიწყო.

„საქართველომ 2012 წელს შეაჩერა ღია ცის ხელშეკრულება რუსეთთან მიმართებაში, რადგან, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ ყველა საერთაშორისო შეთანხმების, მათ შორის, ღია ცის შეთანხმების განსხვავებული ინტერპრეტაცია დაიწყო, იგივე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. რუსეთმა 2010 წელს გარკვეული შემზღუდავი ზომები მიიღო ათი კილომეტრის რადიუსში ფრენებთან დაკავშირებით ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში იმ მოტივით, რომ თითქოს ეს "ქვეყნები" არ არიან ამ ხელშეკრულების მონაწილე და არიან დამოუკიდებელი სუბიექტები, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფას, ხელშეკრულების აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას" — განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, რუსეთის ზემოაღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით, საჯაროდ არაერთი დამგმობი განცხადება გაკეთდა როგორც საქართველოს, ისე სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და აღნიშნული საკითხი და საქართველოს პოზიცია არაერთხელ იყო გაჟღერებული ასევე ვენაში, ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფის ფარგლებში.

"ღია ცის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით აშშ-ს მხრიდან გაკეთებულ განცხადებაში მიზეზებს შორის აღნიშნულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი და რომ ჩვენ გვაქვს ღრმა და საფუძვლიანი თანამშრომლობა საერთაშორისო უსაფრთხოების ყველა მნიშვნელოვან მიმართულებაზე" — ზალკალიანმა.

როგორც ცნობილია, აშშ ღია ცის შეთანხმებას ტოვებს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. მან ამის მიზედად რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევა დაასახელა და ერთ-ერთ მაგალითად ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალთან სადამკვირვებლო ფრენების არდაშვება მოიყვანა.

"რუსეთმა უარი თქვა მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთთან და ე.წ სამხრეთ ოსეთთან თავისი საზღვრის გასწვრივ 10-კილომეტრიან კორიდორში სადამკვირვებლო ფრენების დაშვებაზე და ამგვარად ცდილობს ყალბი პრეტენზია განაცხადოს, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია", — განაცხადა პომპეომ.

ღია ცის ხელშეკრულება 2002 წლიდან ამოქმედდა და ის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელებას გულისხმობს.