ოჯახში ძალადობის საქმეზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. ბრალდების მხარის თქმით, დაზარალებული ამ ეტაპზე მამის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე არ მიუთითებს.

" შესაბამისად ბრალდება წარდგენილია ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ", — განმარტა პროკურორმა ნათია გურულმა.

ორდერის გამოწერა On.ge-ს დაუდასტურეს ორგანიზაციაში პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, რომელიც დაზარალებული მხარის უფლებებს იცავს. თუმცა რის საფუძველზე გამოიწერა ორდერი ორგანიზაში არ თქვეს.

მსოფლიოს 27-ე ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვნის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობას ედავებიან. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ მას 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო დაუწესა, რომელიც მან 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.

პროკურატურის ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 21 მაისს ყოფილ ცოლზე ფიზიკურად იძალადა და ის მეორე დღეს დააკავეს.

რადიო თავისუფლება წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბასილაშვილი და მისი მამა ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რასაც არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის, მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. აღნიშნული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.