რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლუგარის ლაბორატორიაში ექსპერტების დაშვებაზე საქართველოსგან პასუხს ელის. უწყებამ ვრცელი განცხადება 26 მაისს გაავრცელა და ლაბორატორიის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია ფაქტად წარმოაჩინა, თითქოსდა ლუგარში, რომელიც ამერიკული მხარის დახმარებით აშენდა, ბიოიარაღი მზადდება.

როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთმა ექსპერტების დაშვება 2019 წლის ივნისში მოითხოვა, თუმცა ქართულმა მხარემ ამ დრომდე პასუხი არ გასცა.

"ჩვენი შეშფოთების მიზეზი ისაა, რომ ვაშინგტონი არ ხსნის, რას საქმიანობს რუსეთის საზღვართან ახლოს. ეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება შეიძლება არ განიხილებოდეს ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში", — აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთს ლუგარის ლაბორატორია პროპაგანდისთვის არაერთხელ გამოუყენებია. ლაბორატორიის გახსნის დღიდან, ისინი ამტკიცებენ, რომ ვაშინგტონი მას სამხედრო მიზნებისთვის იყენებს. რუსეთის ბრალდებები არაერთხელ უარყო და სიცრუე უწოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და აშშ-მ.

2018 წელს მორიგი დეზინფორმაციის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ნოემბერში ობიექტს 20-ზე მეტი ქვეყნის ბიოექსპერტი ეწვევა, რუსმა ექსპერტებმა კი ჩასვლაზე უარი განაცხადეს.

ამავე თემაზე: