რობერტ ბენკენი და დაგლას ჰარლი გახდნენ პირველი ადამიანები, რომელიც კომერციულმა კოსმოსურმა ხომალდმა ორბიტაზე გაიყვანა.

გარდა ამისა, 2011 წლის შემდეგ ეს პირველი მისიაა, რომელმაც ადამიანები ორბიტაზე ამერიკის მიწიდან გაუშვა. 2011 წელს აშშ-ის კოსმოსური შატლის პროგრამა დასრულდა, რის შედეგადაც აშშ-მ ორბიტაზე ადამიანების გაყვანის შესაძლებლობა დაკარგა. ბოლო 9 წლის განმავლობაში NASA კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გასაშვებად რუსულ Soyuz-ზე იყო დამოკიდებული.

დღევანდელი დღე უმნიშნველოვანესია ილონ მასკის SpaceX-ისთვის, რომლის საბოლოო მიზანიც ადამიანების მარსზე გაშვებაა. კომერციული კოსმოსური ფრენების პროგრამა ნასამ 2011 წელს წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც SpaceX და Boeing საეკიპაჟო კომერციულ ხომალდებს ქმნიან. Boeing-ის Starliner პირველ საცდელ ფრენას, სავარაუდოდ, მომდევნო წელს განახორციელებს.

Crew Dragon-ის მისიის სრულად წარმატებით შესრულების შემდეგ კომპანია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რეგულარულ ფრენებს დაიწყებს.

ბენკენი და ჰარლი მომდევნო 19 საათს ორბიტაზე გაატარებენ, რის შემდეგაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან დაკავშირების დრო დადგება, სადაც მას 3-კაციანი ეკიპაჟი დახვდება. დაკავშირებამდე ასტრონავტები სხვადასხვა საცდელ პროცედურებს ჩაატარებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ Crew Dragon-ის ყველა სისტემა დანიშნულებისამებრ მუშაობს.

ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე 1-4 თვის განმავლობაში გაჩერდებიან, რის შემდეგაც ისინი დედამიწაზე Crew Dragon-ით დაბრუნდებიან და ხომალდს დაშვებისასაც გამოცდიან.