თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს, 10 ივნისს, ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის წილების ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის 60% ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს, 40% კი შპს პანორამას, რომლის მფლობელიც ასევე ქიბარ ხალვაშია.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმის განხილვა 7 ივნისს დაასრულა. საქმე მოსამართლეთა კოლეგიამ განიხილა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ მოსამართლეები ნათია გუჯაბიძე, ნატა ნაზღაიძე და შორენა ყავლაშვილი.

რუსთავი 2-ის ადვოკატებს პრეტენზიები ჰქონდათ სააპელაციო სასამართლოს საქმის განმხილველი კოლეგიის მიმართ, რომელიც ეხებოდა როგორც ნათია გუჯაბიძეს, ისე შორენა ყავლაშვილს. სასამართლომ მათი ბრალდებები უსაფუძვლოდ მიიჩნია.