ლევან და გია ყარამანიშვილები რუსთავი 2-ის წილებისთვის ბრძოლას საქართველოს უზენაეს სასამართლოში გააგრძელებენ. ამის შესახებ ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილა ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში განაცხადა. ბიბილაშვილის თქმით, სასამართლოს 10 ივნისის გადაწყვეტილება, არის "სადამსჯელო ღონისძიება" რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. იგივე დამოკიდებულება აქვს კიდევ ერთ ადვოკატს თამთა მურადაშვილს:

"დღეს, 10 ივნისის არის მართლმსაჯულების პანაშვიდის დღე, მე დღეს განგებ შავებში ვარ დღეს იმიტომ, რომ ველოდი ამ გადაწყვეტილებას და მინდოდა მიმესამძიმრებინა ქართული საზოგადოებისთვის, რომ დღეს ფაქტობრივად, გარდაიცვალა მართლმსაჯულება.

ძალიან კარგი, რომ ეს ასე მოხდა, რადგან საზოგადოება დაინახავს, რომ ყველა ის ფაქტი და გარემოებები, რაზეც ჩვენ მივუთითებდით, გამართლდა და ალბათ, არცერთ პოლიტიკოსს, რომელიც ამბობდა, რომ დაველოდოთ მართლმსაჯულებას, მართლმსაჯულება მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ალბათ უკვე ყველასთვის ნათელი ხდება, რომ ის გარემოებები, რაზეც ჩვენ მივუთითებდით, არის სიმართლე და ეს დადასტურდა დღეს".

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს, 10 ივნისს, ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის წილების ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმის განხილვა 7 ივნისს დაასრულა. საქმე მოსამართლეთა კოლეგიამ განიხილა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ მოსამართლეები ნათია გუჯაბიძე, ნატა ნაზღაიძე და შორენა ყავლაშვილი