თავისუფალი დემოკრატების წევრმა ნინო გოგუაძემ რუსთავი 2-ის საქმეზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო რომელიც მიიღო ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მორჩილმა ხელისუფლებამ.

"ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება ასე რომ სასამართლო ამ პიესაში მხოლოდ როლს თამაშობდა და თამაშობდა ძალიან უნიჭოდ. სამწუხაროა, რომ როდესაც შეტევა ხდება ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელ მედიაზე, ეს არის შეტევა თავისუფალ სიტყვაზე, და ეს შეტევა განახორციელდა დემოკრატიის მთავარი ფუნდამენტის, სასამართლოს მეშვეობით. დემოკრატიის მთავარი ღირებულება და სიტყვის თავისუფლება არის გაყალბებული და ფასდაკარგული".

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს, 10 ივნისს, ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის წილების ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმის განხილვა 7 ივნისს დაასრულა.